geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:43
საქართველოში ლეგალურად 22 362 უცხოელი მუშაობს
2017-03-15 09:30:24
+
-

2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 22 362 არარეზიდენტ პირს მიენიჭა. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ „კომერსანტისთვის" მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2015 წელს შრომითი ბინადრობის ნებართვა 9 337-მა უცხოელმა მიიღო, 2016 წელს კი 9 635-მა. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა არაოფიციალურად გამოროცხული არ არის, რომ ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი მუშაობდეს. ეს კი იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ უცხო ქვეყანაში მიდიან.

 

 

როგორც ცნობილია, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე. 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ 22 362 განაცხადი დააკმაყოფილა. (ამ მონაცემში არ შედის დიპლომატიური კორპუსის - საელჩოებში დასაქმებული უცხოელების დიდი ნაწილი)

 


სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები უცხოელზე შეიძლება გაიცეს არა უმეტეს 6 წლის ვადით. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" #520 მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 6 წლისა. საქართველოში ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა არანაკლებ 6 თვით და არაუმეტეს 1 წლის ვადით. მისი მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება დამატებით 5 წლამდე ვადით და პირობით, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საერთო ვადა არ აღემატებოდეს 6 წელს. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

 

 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, 2,5 წელიწადში შრომითი ბინადრობის ნებართვის 22 362 ადამიანზე გაცემა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

 

კონკრეტულად არ ვიცი ის საწარმოები, სადაც დიდი რაოდენობით უცხოელები მუშაობენ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ძირითადად მუშაობენ ჩინელები, ინდოელები, თურქები. თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათი რაოდენობა 22 ათასზე მეტი ადამიანი იქნებოდა. როდესაც საქართველოს მოქალაქეები უმუშევრები არიან, ქვეყნიდან მიდიან, რომ ლუკმა-პური იშოვონ, ამ რაოდენობით უცხოელზე შრომითი ნებართვის გაცემა სრული კატასტროფაა", - განუცხადა „კომერსანტს" პეტრიაშვილმა.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"