geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:53
ოკუპირებული აფხაზეთი სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს
2017-01-11 14:27:03
+
-

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოფელ წებელდაში, სადაც ქართული ეკლესიის დანკრევა ოფიციალურმა თბილისმა გააპროტესტა, სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს.

 

„ჩვენ ორი სამხედრო პოლიგონი გვაქვს გულირიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში. ამ პოლიგონებით სარგებლობენ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა. ახალი პოლიგონების მშენებლობა არ იგეგმება", - აღნიშნულია დე ფაქტო თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„ekhokavkaza“-ს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის სოფელ წებელდაში XIX საუკუნის ტაძარი სამხედრო მიზნებისთვის დაანგრიეს. სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად ოკუპანტებმა ტაძარი და მის მიმდებარედ არსებული საფლავები ბულდოზერებით გადათხარეს.

 

2011 წელს დეფაქტო ხელსუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდას მიმდებარე ტერიტორია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, რათა აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებები ჩაეტარებინათ. მოგვიანებით ტერიტორია მესაზღვრეებს გადაეცათ, რომლებმაც სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს.

 

ფაქტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, მათ შორის პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა აღშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტი უწოდა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს ეკლესიების ნგრევა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ UNESCO-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს.

 

სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას,UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ წებელდაში პოლიგონის მშენებლობას არ აწარმოებს და არც გეგმავს.

 

„პირველი“