უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რითაც უკრაინის საავიაციო ძალებს გააძლიერებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეთანხმება ორშაბათს, მისი საფრანგეთში ვიზიტის დროს გაფორმდება.

ისტორიული შეთანხმება მოვამზადეთ საფრანგეთთან. ეს იქნება ჩვენი საავიაციო ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება, ჩვენი ცის დაცვა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, სამშაბათს ესპანეთში „შედეგიანი ვიზიტი“ ელოდება, რომელსაც დიდი ხანია, ამზადებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანეთი კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც რეალურად ეხმარებიან უკრაინას.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა უფრო ადრე განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში შეთანხმებას ამზადებდა.

ზელენსკისვე თქმით,  უკრაინა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზეც მუშაობს. 

"საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ზელენსკი 16 ნოემბერს საბერძნეთს, ხოლო 17 ნოემბერს საფრანგეთს ეწვევა.