UFC-ს პრეზიდენტს, დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ს ერთ-ერთ ღონისძიებას, – ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-შ, დანა უაითთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებშიც MMA-ის ახალი დარბაზები იქნება გათვალისწინებული.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი UFC-ს პრეზიდენტს, დანა უაითს. ხანგრძლივი, დაახლოებით ერთსაათიანი აუდიენცია მქონდა, რომელიც ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ნატროშვილმა დააორგანიზა. ის არის UFC-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორი. დანა უაითს ვუამბე საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომლებიც დაწყებულია და იგეგმება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძოდ, 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსები, რომლებშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული MMA-ს ახალი დარბაზები. შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია სპორტის ეს სახეობა, სულ შვიდი ჩემპიონი არსებობს და შვიდიდან ორი ქართველია. ვუთხარი, რომ საქართველო არის ჩემპიონების ქვეყანა და არა მხოლოდ UFC-ში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც გვყავს მსოფლიო ლიდერები. დანა უაითი მოვიწვიე ჩემპიონების სამშობლოში. ამასთან, გავაცანი პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მზად ვართ, საქართველომ უმასპინძლოს UFC-ს ერთ-ერთ „ივენთს“, რაზეც მივიღეთ თანხმობა, რომ აღნიშნული შესაძლებლად მიაჩნიათ. ჩვენ მიმდინარე წლის სექტემბერში გვაქვს MMA-ს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გარკვეულწილად იქნება ერთგვარი გამოცდა ჩვენი ქვეყნისა, როგორ ვუმასპინძლებთ მსგავს ღონისძიებას. დავიწყებთ UFC-ს ორგანიზაციასთან ყოველდღიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

პირველი არხი