აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Wall Street Journal-ს მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის კავშირზეა საუბარი, სასამართლოში უჩივლა. ტრამპის თქმით, სტატიის შინაარსი ყალბია და ამ ცილისწამებით მიღებული რეპუტაციული და ფინანსური ზიანის ასანაზღაულებად გამოცემისგან $10 მილიარდის გადახდას ითხოვს.

მაიამის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში მოპასუხეებად დასახელებულნი არიან WJS-ის მშობელი კომპანიის NewsCorp-ის საპატიო თავმჯდომარე, რუპერტ მერდოკი, კომპანია Dow Jones, News Corp, News Corp-ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ თომსონი და WJS-ის ორი ჟურნალისტი. სარჩელის თანახმად, მათ დონალდ ტრამპი ცილისწამებით დააზარალეს, რის შედეგადაც მან "განუზომელი" ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიიღო.

"ჩვენ ახლახან შევიტანეთ უძლიერესი სარჩელი ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო ცრუ, ბოროტი, ცილისმწამებლური, ყალბი ახალი ამბის 'სტატიის' გამოქვეყნებაში იმ უსარგებლო 'ჩვარში', რომელსაც Wall Street Journal ჰქვია" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

"ჩვენ სრული რწმენა გვაქვს ჩვენი ჟურნალისტიკის სიზუსტესა და სიღრმეში და თავს ნებისმიერი სარჩელის წინააღმდეგ მტკიცედ დავიცავთ" - განაცხადა Dow Jones-ის წარმომადგენელმა.

სარჩელში ნათქვამია, რომ გაზეთმა "ყალბი" სტატია ტრამპის რეპუტაციის შესალახად გამოაქვეყნა.

"აღსანიშნავია, რომ სტატია არ განმარტავს, ჰქონდათ თუ არა მოპასუხეებს წერილის ასლი, ნახეს თუ არა ის, ან მიეწოდათ თუ არა მათ რაიმე აღწერილობა, ან სხვა რაიმე გარემოება, რაც სტატიას სანდოობას მიანიჭებდა" - აღნიშნულია სარჩელში.

Reuters აღნიშნავს, რომ ცილისწამების სარჩელის მოსაგებად მომჩივარმა უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეები "რეალური ბოროტი განზრახვით" მოქმედებნენ - ანუ იცოდნენ, რომ სტატია ყალბი იყო, ან სიმართლის დადგენას დაუდევრად მოეკიდნენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სარჩელით მოთხოვნილი 10 მილიარდი დოლარი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო წლების ყველაზე დიდ ცილისწამების ანაზღაურებებსა და დარეგულირებულ თანხებს.

ცნობისთვის, 17 ივლისს The Wall Street Journal-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპმა 2003 წელს, სამი წლით ადრე, სანამ ჯეფრი ეპსტეინს  პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავებდნენ, ეპსტინისთვის გადაცემული "ვულგარული" დაბადების დღის წერილის შექმნაში წვლილი შეიტანა.

სტატიის თანახმად, წლების წინ ეპსტეინის გამოძიების მასალებს შორის 2003 წლის დაბადების დღის წერილების კრებული იყო და მათ შორის ერთ-ერთი წერილი დონალდ ტრამპს ეკუთვნის. გამოცემის მტკიცებით, წერილში შიშველი ქალის კონტურია დახატული, რომლის ქვეშაც ხელმოწერა Donald იკითხება. გამოცემის მიხედვით, ნახატთან ერთად წერილში არის წარწერა: "გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ, რომ ყოველი დღე იყოს კიდევ ერთი მშვენიერი საიდუმლო".

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა სტატიას "ყალბი, ბოროტული და ცილისმწამებლური" უწოდა და განაცხადა, რომ WJS, მისი მშობელი კომპანია - NewsCorpდა NewsCorp-ის საპატიო თავმჯდომარე, რუპერტ მერდოკი წინასწარ გააფრთხილეს, რომ თუ სტატია გამოქვეყნდებოდა, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმებოდა.

tabula.ge