„შვეიცარიელები მდიდრები არიან, მათი საშუალო აქტივები, ერთ სულ მოსახლეზე 241 ათას შვეიცარიულ ფრანკს (284 ათას აშშ დოლარი) შეადგენს, მაგრამ ამერიკელები კიდევ უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობენ“, - ნათქვამია Global Wealth Report ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც სადაზღვევო კომპანია Allianz-ის მიერ არის მომზადებული.

კვლევის შედეგები 2023 წლის მონაცემებს შეეხება. Allianz-ის ანგარიშის თანახმად, კვლევაში მონაწილე 60 ქვეყანაში შინამეურნეობების აქტივები, მთლიანობაში, 7,6%-ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნი წინსვლაა წინა წლის ვარდნის შემდეგ (-3,5%).

კვლევის დროს, მთლიანი აქტივების დაანგარიშებისას, გაითვალისწინეს საბანკო ანგარიშები, სადაზღვევო კომპანიებისა და საპენსიო ფონდების დებიტორული დავალიანება, აგრეთვე ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და საინვესტიციო ფონდები), საიდანაც შემდეგ ვალები გამოიქვითა.

რეიტინგი ევროზე გათვლების მიხედვით არის შედგენილი და მასში პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც თითოეული ამერიკელი, საშუალოდ, 260 000 ევროს (247 000 შვეიცარიული ფრანკი) ფლობს. ეს მაჩვენებელი, წინა თორმეტ თვესთან შედარებით, 9,8%-ით არის გაზრდილი და საშუალებას აძლევს აშშ-ს, მანამდე პირველ ადგილზე მყოფ შვეიცარიას (255 000 ევრო) გადაასწროს.

ამ ორი ქვეყნის შემდეგ მოდიან დანია, სინგაპური (ორივე - €172,000) და ტაივანი (€149,000), ათეულს კი ახალი ზელანდია, შვედეთი, კანადა, ნიდერლანდები და ბელგია ასრულებენ. გლობალური კეთილდღეობის რეიტინგში იტალია მე-14 ადგილზეა, საფრანგეთი მე-16-ზე, გერმანია კი - მე-18-ზე.

კვლევის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შვეიცარიული შინამეურნეობების აქტივები 2023 წელს 2,2%-ით გაიზარდა, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (5%) მნიშვნელოვნად ნაკლებია. ამის მთავარი მიზეზია საბანკო დეპოზიტების 1,3%-ით (3,5 მილიარდი ევროთი) შემცირება, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად მოხდა. შვეიცარიას ასევე სუსტი შედეგები აქვს დაზღვევის და საპენსიო სფეროებში: 1.4%-იანი ზრდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში (2022 წლის გარდა). აქციების კუთხით (+7.6%) კი პირიქით, - 2022 წლის რეცესიის შემდეგ (-12.5%) შვეიცარიაში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა.

თუმცა, Allianz-ის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ რეალური სურათი გაცილებით მძიმეა. კერძოდ - ინფლაციის გათვალისწინებით, შვეიცარიის ფინანსური აქტივები, 2020 წელთან შედარებით, პრაქტიკულად არ შეცვლილა. „შვეიცარიელმა ფულის შემნახველებმა სამი წელი ტყუილად დაკარგეს“, - აცხადებს კვლევის ჩამტარებელი სადაზღვევო კომპანია.

წყარო: 1 არხი