მარკეტინგული გეგმის მნიშვნელობაზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ, პირდაპირ იმ საკითხებს გაგაცნობთ, რომლებსაც თითოეული უნდა მოიცავდეს, რათა ბიზნესმა, იქნება ეს B2B თუ B2C, წარმატებით შეძლოს ფუნქციონირება:
1. ინფორმაცია ბიზნესის შესახებ
მარკეტინგულ გეგმაში ბიზნესის შესახებ უნდა შეიტანოთ ინფორმაცია, უფრო შეჯამებას უნდა ჰგავდეს, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს თქვენი კომპანიის შესახებ ახალ ინფორმაციას მიაწვდის მანამ, სანამ გეგმის უფრო სტრატეგიულ ნაწილებში გადაეშვებით. ასე მათთვის ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომი ხდება კითხვების არსებობის შემთხვევაში.
სულ მცირე აღნიშნული უნდა მოიცავდეს:
- კომპანიის სახელს
- მდებარეობას
- მისიას
კარგი იქნება ინფორმაცია ხელმძღვანელობის შესახებაც, ეს განსაკუთრებით სასარგებლოა დიდი მარკეტინგული გუნდების მქონე კომპანიებისთვის.
2. SWOT ანალიზი
ბიზნესის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და საფრთხეებზეც უნდა გააკეთოთ ანალიზი და მარკეტინგულ გეგმაში ჩასვათ. ჩათვალეთ, რომ ასე იმ გარემოს მკაფიო სურათს შექმნით, რომელშიც ბიზნესი ოპერირებს. გაიგებთ, სად ხართ და რა გჭირდებათ პოზიციის გასაუმჯობესებლად. კარგი იქნება, თუ SWOT ანალიზის შედგენაში მონაწილეობას ბიზნესის ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს, რადგან ასე არაფერი გამოგრჩებათ. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ამისთვის ბაზრის კვლევა, მონაცემთა და კონკურენტების ანალიზი დაგჭირდებათ, თუმცა ხშირად უნდა გადახედოთ, რადგან როგორც აუდიტორია, ისე კონკურენტებიც ვითარდებიან.
3. ბიზნესინიციატივები
რაზე მუშაობს თქვენი მარკეტინგული გუნდი და რაზე გსურთ თქვენ, რომ იმუშაოთ? ამ კითხვაზე პასუხი მარკეტინგული გეგმის ბიზნესინიციატოვების ქვეშ ჩასვით, ასე დოკუმენტებისა და სტრატეგიების დანარჩენი ნაწილის ტონიც განისაზღვრება. თუმცა ისეთ დიდ გეგმებს, როგორიც ახალი ლოკაციის დამატებაა, აქ ნუ ჩასვამთ, უფრო მეტად ხაზი მარკეტინგულ პროექტებს გაუსვით და მათი გაზომვადი მიზნებიც გაწერეთ. SMART-ის სქემას მიჰყევით და მიზნად სოციალურ ქსელში მიმდევრების გაზრდა კი არა, „ივნისში Facebook-ის მიმდევრების 30%-ით გაზრდა დაისახეთ“.
4. სამიზნე სეგმენტი
სამიზნე ბაზარი ან აუდიტორია განსაზღვრეთ, რომელთაც თქვენი მარკეტინგული მესიჯი უნდა მიაწოდოთ. თუ B2B ხართ, იმ ინდუსტრიების აღწერა მიუთითეთ, რომლებშიც თქვენი მომმხარებლები არიან ან თქვენი პროდუქტები თუ მომსახურება გამოიყენება, თუ B2C, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ.
ხოლო თუ სამიზნე სეგმენტს განსაზღვრავთ და მყიდველის აღწერილობა გინდათ, ისეთ მახასიათებლებზე ფოკუსირდით, როგორებიცაა:
- ასაკი
- ლოკაცია
- თანამდებობა
- მიზნები
- პერსონალური გამოწვევები
- პრობლემები
- მათზე ზეგავლენის მომხდენი შემთხვევები
ეს უფრო კონკრეტული მახასიათებელია თქვენი სამიზნე სეგმენტის ან იმ ადამიანთა ტიპების, რომელთანაც მუშაობა გსურთ. მარკეტინგულ გეგმაში ეს სექცია თქვენი სასურველი მყიდველის მოკლე შეჯამება უნდა იყოს, რათა ამ დოკუმენტის მკითხველებს შეახსენოთ, თქვენი ინიციატივებით ვის ესაუბრებით.
5. კონკურენტების ანალიზი
კონკურენტების ანალიზისას განსაზღვრეთ, რას აკეთებენ ისინი კარგად და რას არა, ამ უკანასკნელის დაკმაყოფილებაზე კი თავად იზრუნეთ. აღნიშნული მოიცავს:
- პოზიციონირებას
- ბაზრის წილს
- შეთავაზებებს
- ფასებს
6. სტრატეგია
ახლა, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ზემოთ განხილული საკითხები ისედაც სტრატეგიის ნაწილი იყო, მაგრამ აღნიშნული იმ თემებს ეხება, რაც ბრენდს ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად სჭირდება. ეს მარკეტინგის ცნობილ 7P-ს მოიცავს: პროდუქტი, ფასი, ადგილი, პრომოცია, ადამიანები, პროცესი და ფიზიკური მტკიცებულება. თუმცა სია კი არ კეთდება, არამედ მარკეტინგულ გეგმაში გაერთიანებულია ეს ყველაფერი. თქვენი საბაზრო სტრატეგია აღწერს, როგორ უნდა იყოს კომპანია წარმოდგენილი ბაზარზე, SWOT-ის, კონკურენტების, მომხმარებლებისა და მიზნების გათვალისწინებით.
7. ბიუჯეტი
აქ თანხის ის ოდენობა უნდა აღინიშნოს, რომელიც ბიზნესს მარკეტინგული გუნდისთვის აქვს გაწერილი ამ ინიციატივების განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად. თქვენ კი კონკრეტული ციფრი ისეთ აქტივობებზე უნდა გადაანაწილოთ, როგორებიცაა:
- აუთსორსის ხარჯები მარკეტინგული სააგენტოებისა თუ სხვა პროვაიდერებისთვის
- მარკეტინგული პროგრამები
- ფასიანი რეკლამები
- ღონისძიებები (რომელსაც დაესწრებით ან უმასპინძლებთ)
თუმცა მარკეტინგულ გეგმაში მხოლოდ ამ ხარჯები ჯამია წარდგენილი, ამიტომ კარგი იქნება, თუ დეტალური ანგარიშებისთვის ცალკე ექსელის ფაილს გამოიყენებთ.
8. მარკეტინგული არხები
აქ მარკეტინგულ გეგმაში იმ არხების ჩაწერა იგულისხმება, რომლითაც ბრენდის შესახებ ცნობიერებას ზრდით და გაყიდვებს აუმჯობესებთ, იქნება ეს ვებგვერდები, სოციალური მედია, გაზეთები თუ რადიოები. აღნიშნულით დაინტერესებულ მხარეებს დაუმტკიცებთ, თუ რა როლი აქვს ამ არხებს ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ამიტომ უნდა გვხვდებოდეს იგი მარკეტინგულ გეგმაში.
9. მარკეტინგული გეგმის გრაფიკი
დაბოლოს, პროექტი რომ შეუფერხებლად განახორციელოთ, გრაფიკი კარგად გაწერეთ. ასე თქვენს გუნდს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში ნახოს პროექტი, კამპანია, ღონისძიება და მათთან დაკავშირებული სხვა აქტივობები, დედლაინებთან ერთად. როგორც წესი, გრაფიკს 1 წლისთვის წერენ, კვარტალურად ან სულაც 2 წლის ვადით. პროცესში არც დასვენების დღეები გამოგრჩეთ.
შესაძლოა, შეუძლებლად გეჩვენებოდეთ მთელი წლის აქტივობებისთვის გეგმის გაწერა, მაგრამ ჯერ იმის განსაზღვრით დაიწყეთ, დაახლოებით, რა დრო დაგჭირდებათ თითოეულის შესასრულებლად. ხოლო როგორც კი კონკრეტულ ციფრებზე ჩამოყალიბდებით დედლაინისთვის, თითოეული პროიექტისთვის ბრეინშტორმინგის, დაგეგმვის, აღსრულებისა და ანალიზის ეტაპები გაიარეთ…
საქმე რომ გაგიმარტივოთ, HubSpot-ის მარკეტინგული გეგმის შაბლონს შემოგთავაზებთ, რომლის გადმოწერას ამ ლინკიდან შეძლებთ.