ხულოში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებში 1.4 მლნ ლარი დაიხარჯება.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს გამოაცხადებულ ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილია.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეასრულოს 2000 წელს დარეგისტრირებულმა შპს "იბერიამ" რომელიც ჯამბულ თავართქილაძეს ეკუთვნის და დირექტორიც თავადაა.კომპანიას 16.6 მლნ ლარის 32 მოგებული ტენდერი აქვს. ასევე 15 გამარტივებული შესყიდვა, რაშიც 10.4 მლნ ლარი აქვს მიღებული.
საცხენოსნო ინფრასტრუქტურის აშენება, დოკუმენტაციის მიხედვით, გულისხმობს, რომ აქ უნდა მოეწყოს ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის და კომუნალური სისტემის არეალები.
"ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორია ადგილობრივების მიერ არის შერჩეული, ამიტომ საჭიროა ექსპერტების (მათ შორის სერთიფიცირებული მოჯირითე) მიერ ადგილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში, გეოლოგიური კვლევა და არსებული გარემოსთვის ადაპტირებული საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რომელიც ამ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს" - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ხულოში, კვლევებმა აჩვენა, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი და საშუალოდ მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა 100-150-ია, თუმცა, ეს ამ დრომდე არ აღიქმება სათავგადასავლო ტურიზმის და შემოსავლის წყაროდ.