ტყის ქოხში თვითმკვლელობის მიზნით „სარკოს“ კაფსულის გამოყენებისთვის, შვეიცარიის პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

თვითმკვლელობის ხელშემწყობი კაფსულა „სარკო“, რომლის ირგვლივაც დიდი მითქმა-მოთქმაა გაჩაღებული, პირველად გერმანიის მოსაზღვრე შაფჰაუზენის კანტონში შემავალი მერისჰაუზენის კომუნის ერთ-ერთ ტყეში არსებულ ქოხში გამოიყენეს. აქ ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა, შაფჰაუზენის პოლიციამ კი რამდენიმე პირი დააკავა.

შაფჰაუზენის კანტონის პროკურატურამ ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობის წაქეზებასა და ხელშეწყობის“ მუხლით აღძრა. ორშაბათს, 23 სექტემბერს, ადვოკატმა პროკურორს დაუდასტურა, რომ მერისჰაუზენის კომუნის ტყის ქოხში „სარკოს“ კაფსულა გამოიყენეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კაფსულა ამოიღო, გარდაცვლილის ცხედარი კი ექსპერტიზისთვის ციურიხის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაასვენეს.

ამ ზაფხულს, რამდენიმე კანტონის, მათ შორის შაფჰაუზენის პროკურატურამ, განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, თუ თვითმკვლელობის ხელშემწყობი კაფსულა მათ ტერიტორიაზე იქნება გამოყენებული.

შეუსაბამობა შვეიცარიის კანონმდებლობასთან

ორშაბათს, 23 სექტემბერს, შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმა, ელიზაბეტ ბაუმე-შნაიდერმა, წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას, განაცხადა, რომ „სარკოს“ კაფსულა, რომლის ღილაკზე დაჭერითაც თვითმკლელობის აქტის განხორციელებაა შესაძლებელი, შვეიცარიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ არის.

როგორც პარლამენტარის კითხვის პასუხად მინისტრმა განმარტა, ჯერ ერთი, კაფსულა არ აკმაყოფილებს პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, ბაზარზე მისი გაშვება არ შეიძლება. გარდა ამისა, ელიზაბეტ ბაუმე-შნაიდერის თქმით, კაფსულაში აზოტის გამოყენება „ქიმიური პროდუქტების შესახებ“ კანონის მიზანს არ შეესაბამება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი