ოჯახის წევრის შემოსავალმა შესაძლოა შენს ფინანსურ ვალდებულებებზე გავლენა მოახდინოს. კანონის თანახმად, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, ქონების მესაკუთრეს ქონების გადასახადის დაფარვის ვალდებულება ეკისრება.

კანონის ნორმა ზოგ შემთხვევაში უსამართლობის განცდას ტოვებს. მაგალითად, შენ ხარ უმუშევარი, თუმცა შენს სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება ან ავტომობილი. შენს მეუღლეს კი წლის განმავლობაში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი უფიქსირდება. ამ შემთხვევაში შენ ქონების გადასახადის დაფარვის ვალდებულება გიჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი არ გაქვს.

ვინ მიიჩნევა ოჯახის წევრად? ამ კითხვით ,,კომერსანტმა’’ საგადასახადო სამართლის სპეციალისტსა და ფინანსთა მინისტრის მრჩეველს ზურაბ ძნელაშვილს მიმართა.

,,ოჯახად ითვლება მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ეს უპირობოდ, ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება სრულწლოვან შვილს და გერს, ასევე დას, ძმას, ბებია-ბაბუას, შვილიშვილებს - ესენი ითვლებიან ოჯახის წევრებად თუ ერთად ცხოვრობთ და საერთო მეურნეობას ეწევით. თუ სრულწლოვანი შვილები ცალკე ცხოვრობენ, მშობლები ცალკე ცხოვრობენ არ ითვლებიან ოჯახის წევრებად ანუ ამ შემთხვევაში ერთად ცხოვრებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.’’- განმარტავს ზურაბ ძნელაშვილი.