როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობა ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის კერძო სექტორს შორის. ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმასანდრო ურუშაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„უკვე რამდენიმე წელია ხდება ჯანდაცვის კერძო სექტორის გარკვეულწილად დადანაშაულება და დემონიზირება. მაგრამ მინდა ყველას გავახსენო კოვიდის პერიოდი, როდესაც ჩვენ ტაშს ვუკრავდით იმ დაწესებულებებს, იმ ექიმებს, რომლებმაც ათასობით ადამიანი იხსნეს და გადაარჩინეს. ესენი კერძო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც კერძო კლინიკებში მუშაობდნენ და არ გამოდიოდნენ ინტენსიური განყოფილებიდან. სამართლიანად ვამაყობდით, რომ თუ ვინმეს გადარჩენა შევძელით ამ სექტორის გმირობის ფასად. ახლა რატომ გახდნენ ესენი დამნაშავეები და უმსგავსოები? ყველაზე ადვილი არის დამნაშავის პოვნა და თითის გაშვერა კერძო სექტორისკენ. კი არის პრობლემები, მაგრამ სახელმწიფო სექტორშიც არის.
მაგალითად, ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ გადაწყვიტა რომ ონკოლოგიური პაციენტების კვლევები მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში დააფინანსოს. მაგრამ რამდენი სახელმწიფო დაწესებულებაა ვისაც ამ კვლევების სრულფასოვნად ჩატარება შეუძლია? ეს ხომ გეოგრაფიულად გააუარესებს, ხომ მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს კონკურენციას? ბევრ პაციენტს მოუწევს ჯიბიდან გადახდა ამ კვლევების.
ჩვენ გვაქვს ორი გზა, ან ვაღიაროთ რომ კერძო სექტორი არსებობს და ვითანამშრომლოთ მასთან, ან გამოვუცხადოთ მას ომი და დავიწყოთ პარალელური ჯანდაცვის სისტემის მშენებლობა. ჯანდაცვის სამინისტროს სრული შესაძლებლობა აქვს, რომ კერძო სექტორიც ისევე იმართებოდეს როგორც სახელმწიფო, პაციენტისთვის სასარგებლო რეგულაციებით, თავიდან ავიცილოთ ის რაც არ მოგვწონს, მაგალითად ზედმეტი კომერციალიზაცია, როდესაც პაციენტების ინტერესი ავიწყდებათ. ხარისხის კონტროლის თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ, ფინანსური დაცულობის თვალსაზრისით, იმ რეგულაციების თვალსაზრისით, რომელიც ღმერთმა იცის რატომ იქმნება დღეს, ყოველ კვირა ახალი რეგულაციები შემოდის და მძიმე ტვირთად აწევს ეს საავადმყოფოებს,“ - განაცხადა ურუშაძემ.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ თვალი უნდა გაუსწოროს იმას, რომ კერძო სექტორი არის მისივე სისტემის ნაწილი, გაბედოს და მოახერხოს მასთან პარტნიორობა და მოახერხოს ის რომ ეს რეგულაციები ერთნაირად გავრცელდეს როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორზე, პაციენტის სასარგებლოდ.
სანდრო ურუშაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სისტემაში უნდა არსებობდეს ხედვა და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„პრობლემაა ის რომ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული დაინგრევა თუ არ დაინგრევა საავადმყოფო. არ გვაქვს ხედვა, რომელიც არ იქნება ერთ ადამიანზე დამოკიდებული და მის პირად ხედვაზე, არამედ სექტორის საჭიროებებს გაითვალისწინებს და მიიღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალის და მენეჯერების ჩართულობით.
სახელმწიფო დაწესებულებების მართვის მახინჯი მოდელია, როცა თვითონ საავადმყოფოს დირექტორს 5 დირექტორი ჰყავს. არ ვამატებ, როცა ხუთს ვამბობ, რადგან მათი დირექტორია: ჰოლდინგის დირექტორი, ჯანდაცვაში მაღალჩინოსანი, ფინანსთა სამინისტრო,ეკონომიკის სამინისტროც და საბოლოოდ, თუ ჩვენი სექტორის განვითარება გვინდა, მით უმეტეს სახელმწიფო საავადმყოფოების, ისეთი მოდელი უნდა შევარჩიოთ, როდესაც იქ დირექტორს, მის მოადგილეს, პასუხისმგებელ პირებს ექნებათ არა მარტო პასუხისმგებლობა და ვალდებულება, არამედ უფლებები, რომ გეგმა შეათანხმონ/წარმოადგინონ, რომ მერე ეს გეგმა განხილვის შედეგი იყოს. ხომ შეიძლება მანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ხელმოწერილ დოკუმენტს ვნახავთ, მანამდე იმსჯელონ ამაზე, თანამშრომლების და თუნდაც იმ ადამიანების ჩართულობით, ვისაც საწინააღმდეგო აზრი შეიძლება ჰქონდეს, - რატომ გვეზიზღება საწინააღმდეგო აზრი. ეს პირიქით, დაგვეხმარება რომ გავაუმჯობესოთ რეგულაციები, დოკუმენტები, ხედვები, გეგმები.“- განაცხადა სანდრო ურუშაძემ.