ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალური განვითარების ფონდი
უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა ქვეყანა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად შეხვდეს“,- ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ განაცხადა.
მისი თქმით, 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურად ხორციელდება ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისის „აიას“ სარაგბო კომპლექსში. ამ ეტაპზე სამივე ლოკაციაზე მიმდინარეობს ბალახის მოწყობის სამუშაოები, ქუთაისში კი პარალელურად სამღებრო სამუშაოებიც სრულდება. ასევე მზადდება ტრიბუნები და ეტაპობრივად წესრიგდება დამხმარე ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, გიორგი შონიამ განაცხადა, რომ საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით მიმდინარეობს რაგბის ტექნიკური ცენტრების განვითარება. ჯამში დაგეგმილია 18 ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც 12 ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 6 ლოკაციაზე კი სატენდერო პროცესი.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.
მისი თქმით, სპორტული პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას რეგიონებში. ფონდი მუშაობს, რომ პროექტი მაქსიმალურად მოიცავდეს ყველა რეგიონს და განვითარდეს ქვეყნის მასშტაბით. განახლებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საერთაშორისო სარაგბო ღონისძიებების უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ჩატარება.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.