რადიო „კომერსანტის თემის“ ეთერში ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შესაძლოა იყო პრევენციული ხასიათის, რადგან ახლო მომავალში ინფლაციის ზრდა იყო მოსალოდნელი.

მისივე თქმით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, პირიქით, ფასებს ასტიმულირებს.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეს იყო ერთგვარი პრევენცია და წინასწარ შემზადება რომ მაღალი ფასებია მოსალოდნელი. აღნიშნული გადაწყვეტილება იყო ფასების მოთოკვისთვის წინსწრებად გადადგმული ნაბიჯი. თუმცა რეფინანსირების განაკვეთს აქვს მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტი. გრძელვადიან პერიოდში კი, პირიქით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკისთვის ხელის შემშლელია.

დღესდღეობით ფინანსებზე წვდომის წყარო მხოლოდ საბანკო სექტორია, კაპიტალის ბაზარი რეალურად ქვეყანაში არ გვაქვს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამ დროს სესხები ძვირდება. შესაბამისად, ის ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც ამ ფინანსებს ბანკიდან  იღებენ, მათ უძვირდებათ სესხი და შესაბამისად უძვირდებათ პროდუქცია. გრძელვადიან პერიოდში ეს პროცესი ხდება სტიმული იმისა, რომ, პირიქით, პროდუქტებზე ფასები გაიზარდოს“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია