ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის მთავრობა 5 მილიონ 300 ათას ლარს გამოყოფს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა.

მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილის კრიტიკის მიზეზი გახდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის ხარჯი ბიუჯეტში წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და არა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული. მათივე შეფასებით, ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა მიმართულებებით დაიხარჯება გამოყოფილი თანხა.

ბესიკ დონაძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას ღონისძიების დაგეგმვისთვის საკმარისი დრო ჰქონდა და გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო სარეზერვო ფონდის გამოყენება. მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, კონკრეტულად რაში დაიხარჯება მილიონობით ლარი, რადგან ეს მოქალაქეების გადასახადებით ფორმირებული ბიუჯეტია.

"წლის დასაწყისში, როდესაც ბიუჯეტი იგეგმებოდა, თავისუფლად შეიძლებოდა, გათვლილიყო, რომ ახლა უწევს 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებას. ხომ ძალიან მარტივია, ახლა ხომ არ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ ეს ღონისძიებაა? საჭირო რატომ იყო სარეზერვო ფონდიდან ხარჯვა მაშინ, როდესაც შეიძლებოდა დაგეგმილი ყოფილიყო და ბიუჯეტშ ყოფილიყო აღნიშნული თანხა გათვალისწინებული? ამას მოყვება კიდევ მეორე - არ არის დანართი, დოკუმენტი, რომელშიც იქნება გაწერილი, რაში დაიხარჯება აღნიშნული თანხა. უფრო მეტი კონკრეტიკა გვინდა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ხალხის ფული," - ამბობს ბესიკ დონაძე.

ბადრი ნიაური კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ხარჯები ივანიშვილის ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ურთიერთობების პოლიტიკურ კონტექსტსაც უკავშირდება.

"ნებისმიერი თანხის ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს ერთ პრინციპს - უნდა ვიცოდეთ რამდენი და რაში იხარჯება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი და ასეთ საკითხებში თითქოსდა ხელგაშლილია, მაგრამ ეს ხელგაშლილობა, ბუნებრივია, საბოლოოდ თავის შედეგს გამოიღებს და შემდგომ გაუჩნდება ხელისუფლებას ამბიცია იმისთვის, რომ საპატრიარქოს მოსთხოვოს რამ. ეს რამ იქნება, ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ გარკვეული ლოიალობა ან პირდაპირი ჩართულობა. აქ გაცლებით ცინიკურია, როდესაც 1700 წლის თავს სახელმწიფო წინასწარ ვერ თვლის. ასეთი თანხები უნდა იყოს წინასწარ გაწერლი ბიუჯეტში," - ამბობს ბადრი ნიაური. 

ქეთევან ენუქიძე აცხადებს, რომ სარეზერვო ფონდის გამოყენება ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემებზე ან სპონტანურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.

"ჩვენ ზუსტად ვიცით როდის გავქრისტიანდით. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო სხვა ბიუჯეტში გათვალისწინებული. სარეზერვო ფონდის გამოყენება ამ კუთხით, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ძალიან ნეგატიური პროცესის მაჩვენებელი. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ბიუჯეტის თანხები უკვე საკმარისი არ არის. ბიუჯეტი ან არ იყო სწორად დაგეგმილი, ან უბრალოდ, ეს არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება იმ თავლსაზრისით, რომ ჩვენი ხელისუფლების ეს ხაზი, ფსევდოკონსერვატიული ხაზი, რომ პატივი სცენ აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ისტორიულ წარსულში რაიმე ადგილი ჰქონდა, აქ იყოს დაფიქსირებული", - ამბობს ქეთევან ენუქიძე. 

tvpirveli.ge