მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან (271.2 მლნ. აშშ დოლარი) ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში 4.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 მილიონი იყო.

წინასწარ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

2025 წელს ჯამურად ამ სფეროებში 10 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შევიდა, 2024-ში კი - 3.1 მილიონი.

ჯამური ინვესტიციები 2025 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47.7 პროცენტით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 125.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (46.1 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 48.8 მლნ. აშშ დოლარით (18.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 37.2 მლნ. აშშ დოლარით (13.7 პროცენტი).

jandacva.ge