"სოციალური კალათის“ ეფექტიანობაზე საზოგადოებაში კითხვებია. მიუხედავად იმისა, რომ ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებს ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს და სპეციალური კუთხეების მოწყობასაც დაჰპირდნენ, რეალობა ბევრგან განსხვავებულია.
ცნობისთვის, ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი ხშირად ერთ სივრცეში არ არის განთავსებული და მომხმარებელი მხოლოდ მცირე სტიკერების საშუალებით იგებს, რომ კონკრეტული პროდუქტი აქციაშია
ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის შეფასებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასებს სახელმწიფოს ჩარევა კი არა, კონკურენტული გარემო უნდა არეგულირებდეს.
„პირველ რიგში, სახელმწიფომ ის უნდა გააკეთოს, რაც მას ევალება და რაც მისი უპირველესი მისიაა, რისთვისაც სახელმწიფო არსებობს საბაზრო ეკონომიკის პირობებში - კონკურენტული გარემო უნდა შექმნას. ეს არის მთავარი. ამის შემდეგ აღარ დასჭირდება არც ფასების შესწავლა და არც ათასგვარი მაიმუნობა. ჩვენს ქვეყანაში რომ კონკურენტული გარემო იყოს, პროდუქციაზე ფასი იქნებოდა საბაზრო. საბაზრო ფასი ნიშნავს იმას, რომ გამყიდველიც და მყიდველიც შეძენის მომენტში არის კმაყოფილი“, — განაცხადა სიმონიშვილმა.
მისი შეფასებით, დასავლურ ეკონომიკებში სახელმწიფოს გადაჭარბებულმა ჩარევამ კონკურენცია შეასუსტა და ბაზრები დააზიანა. თუმცა, იქვე დასძენს, რომ გარკვეულ სიტუაციებში დროებითი ჩარევა შესაძლოა აუცილებელიც გახდეს.
„ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს, დროებითი ღონისძიების სახით, შეგვიძლია, მოგების მარჟაც კი დავუწესოთ ბიზნესს“, — აღნიშნა სიმონიშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს „ხალხის ძალის“ წევრს, თამარ ჩიბურდანიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ბაზარზე კონტროლის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი სწორედ მონიტორინგია და კონკურენციის სააგენტოს ახალი პლატფორმაც ამ მიზანს ემსახურება.
„კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი ფიზიკური შემოწმება, ანუ მონიტორინგია, რაც სულაც არ არის რთული. რაც შეეხება ფასდაკლებულ პროდუქციას, მაგალითად, „ფრესკოში“ და „სმარტშიც“ არის კუთხე, სადაც განთავსებულია ფასდაკლებული პროდუქცია. ზოგადად, ფასდაკლებების ტენდენცია მანამდეც ჰქონდათ სუპერმარკეტებს, რითაც იზიდავდნენ მყიდველებს“, — განაცხადა ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, მხოლოდ სურსათზე კონცენტრირება საკმარისი არ არის და სახელმწიფომ მედიკამენტების ფასებზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება.
„მე ახლა სულ სხვა რამ მაინტერესებს და კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას - რატომ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ სუპერმარკეტებსა და კვების პროდუქტებზე და არა აფთიაქებზე? კატასტროფულად გაზრდილია ფასი მედიკამენტებზე, საშინელება ხდება აფთიაქებში“, — აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გარკვეული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად ხელმისაწვდომი გახადა და თურქეთიდან იაფი წამლების იმპორტიც დაუშვა, მოსახლეობისთვის მედიკამენტები კვლავ მძიმე ფინანსურ ტვირთად რჩება.
საბოლოოდ, „საოჯახო კალათის“ ინიციატივა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დისკუსიას კიდევ უფრო ამწვავებს. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა კონკურენტული გარემოს შექმნაა და არა ფასებში ჩარევა, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული რეალობა უფრო მკაცრ მონიტორინგსა და კონტროლს მოითხოვს. რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი ელექტრონული პლატფორმა და რეალურად შეძლებს თუ არა მომხმარებლისთვის ფასების შემცირებას, ეს უკვე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც ელექტრონული პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს. სწორედ ამ სივრცეში განთავსდება ინფორმაცია იმაზე, თუ რომელ ქსელურ მარკეტში რა ფასად იყიდება „საოჯახო კალათაში“ შემავალი პროდუქტები და სად არის მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ინიციატივის მთავარი მიზანი მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდა და სავაჭრო ქსელებს შორის კონკურენციის გაძლიერებაა.
„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად, შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის გაძლიერებას ქსელებს შორის“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ინიციატივა პრემიერ-მინისტრის დავალებისა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიქმნა. კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის საკითხებს სწავლობდა. შედეგად, კონკურენციის სააგენტოს დაევალა, მომხმარებლისთვის ერთიანი ელექტრონული პლატფორმით მიეწოდებინა ინფორმაცია საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო ფასებისა და შეთავაზებების შესახებ.