საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად და ეს სწყინთ ზოგიერთებს, მაგალითად - EMAAR-ის, Eagle Hills-ის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინათ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს, ასევე, დიდად არ ესიამოვნათ Tezer-ის შემოსვლა საქართველოში, ჩვენი ქვეყნის იმიჯი იცვლება იმ ფონზე, როდესაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინვესტორების ინტერესები ბუნებრივადაც იზრდება, რაც ოპტიმისტურად განგვაწყობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის, ინსტიტუციური ცვლილებებიც შეუწყობს ხელს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს საქართველომ.

„რეინვესტირების წილი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში არის საკმაოდ დიდი, თუმცა ასეთივე დიდი იყო შარშანაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თანაფარდობაა მნიშვნელოვანი. შარშანაც დიდი იყო რეინვესტიციის წილი, წელსაც მაღალია და ჯამში გვაქვს 47 %-იანი ზრდა შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზიდად, რაზეც მთავრობა, რეალურად, ძალიან აქტიურად მუშაობს, რაც სწყინთ ზოგიერთებს. მაგალითად EMAAR-ის, Eagle Hills-ის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინათ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს. ასევე, დიდად არ ესიამოვნათ არც Tether-ის შემოსვლა საქართველოში და ა.შ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც განსაკუთრებულად მსხვილ ინვესტორებთან, ასევე საშუალო მასშტაბის ინვესტორებთან. ეს არის მუდმივი პროცესი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ კუთხით, საქართველოს მთავრობისა და კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული, მათ შორის, ინსტიტუციური ცვლილებებიც მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი იცვლება იმ ფონზე, როდესაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური ეკონომიკური პროცესები, ინვესტორების ინტერესები ბუნებრივადაც იზრდება და ეს ყველაფერი ოპტიმისტურად განგვაწყობს ინვესტიციების შემდგომ ზრდასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ბანკებში არიან მსხვილად წარმოდგენილნი, მათ შორის, ბრიტანელი ინვესტორები და ისინი როდესაც რეინვესტიციას ახორციელებენ, ეს აისახება, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრიტანელი ინვესტორი აქ არ არის. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, მაგრამ ამითაც არ დავკმაყოფილდებით, მუდმივად უნდა იმატებდეს ინვესტიციების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.