ბოლო ერთი თვეა ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 2 პუნქტით არის გამყარებული და გაცვლითი კურსი 2.67-ის ფარგლებში მერყეობს. ფინანსურ ბაზარზე ეს პოზიტიურ სიგნალად აღიქმება, რადგან სტაბილური ვალუტა ამცირებს გაურკვევლობას, ამშვიდებს ბიზნესს და ინფლაციური ზეწოლის ნაწილს ანეიტრალებს. თუმცა მთავარი კითხვა ისევ უცვლელია — რამდენად შეუძლია ლარის გამყარებას რეალურად შეაჩეროს საქართველოში ფასების ზრდა მაშინ, როცა ქვეყანა კვლავ ძლიერ იმპორტდამოკიდებულ ეკონომიკად რჩება და მსოფლიო ბაზარზე ნავთობი, ლოგისტიკა და ნედლეული ისევ ძვირდება?

სწორედ აქ ჩნდება მთავარი წინააღმდეგობა. ეროვნული ბანკი ცდილობს, გაცვლითი კურსი სტაბილური და გამყარებისკენ მიმართული იყოს, თუმცა საქართველო მაინც ვერ ახერხებს გლობალური ინფლაციის გავლენის თავიდან აცილებას. ეკონომიკის დიდი ნაწილი უცხოურ პროდუქტზეა დამოკიდებული და ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გარე შოკი, იქნება ეს ნავთობის გაძვირება, ლოგისტიკური კრიზისი თუ გეოპოლიტიკური დაძაბულობა, საბოლოოდ ქართულ ბაზარზეც აისახება.

ფინანსისტ ლია ელიავას შეფასებით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია, რადგან მკვეთრად მერყევი კურსი ერთდროულად აზარალებს როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს.

„ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს ლარი მყარი კურსი, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, ვინაიდან დიდი დიაპაზონის რყევი აზარალებს არა მარტო მოსახლეობას, არამედ ბიზნესსაც. საბოლოოდ სახელმწიფოსაც გაუჩნდება პრობლემები. ამიტომ მყარი და სტაბილური ეროვნული ვალუტა გარანტიაა იმისა, რომ ამ მხრივ ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები არ ექნება“, — აცხადებს ელიავა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს სასურსათო ბაზრის მთავარი დამცავი ფაქტორი ისაა, რომ ქვეყანა ძირითადად თურქულ და რუსულ პროდუქციაზეა დამოკიდებული, სადაც აგროსექტორი შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.

თუმცა ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ლარის გამყარება უფრო მოკლევადიანი და ფსიქოლოგიური ეფექტის მატარებელია, ვიდრე სისტემური გამოსავალი. მათი შეფასებით, პრობლემა გაცვლით კურსზე ბევრად ღრმაა, რადგან საქართველო პრაქტიკულად ვერ აწარმოებს იმ მოცულობის პროდუქტს, რომელიც შიდა ბაზარს გარე შოკებისგან დაიცავდა.

ეკონომისტ მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები დღეს ნამდვილად ქმნის სტაბილურობის განცდას, თუმცა გლობალური ეკონომიკური რყევების პირობებში ეს რესურსი შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს.

„გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის სტაბილური გაცვლითი კურსი ბაზრის აგენტებში ქმნის სიმშვიდის განცდას და ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ბაზრის სტაბილურობაზე მოქმედებს“, — აცხადებს თოქმაზიშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, მთავარი საფრთხე ისევ საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრებიდან მოდის.

„თუ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდება, ის აუცილებლად შიდა ბაზარზე იმოქმედებს. ნავთობზე ფასი თუ მოიმატებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ჯაჭვურად გაეცემა სხვა სამომხმარებლო პროდუქციასაც“, — აღნიშნავს ეკონომისტი.

სწორედ ეს „ჯაჭვური ეფექტია“ ის მთავარი ეკონომიკური რისკი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მძიმედ გრძნობს. საწვავის გაძვირება ავტომატურად ზრდის ტრანსპორტირების, ლოგისტიკის, იმპორტისა და წარმოების ხარჯს, რაც საბოლოოდ თითქმის ყველა პროდუქტზე აისახება — პურიდან მედიკამენტამდე.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის ბოლო პერიოდის გამყარება მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი არ არის. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმიდან გაზრდილი შემოსავლები, ფულადი გზავნილები, სავალუტო შემოდინება და ისიც, რომ ეროვნულ ბანკს მაღალი რეზერვები დაუგროვდა. სწორედ ამ ფაქტორებმა შექმნა განცდა, რომ სებ-ს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ბაზარზე ინტერვენციით ლარის მკვეთრი გაუფასურება შეაჩეროს.

თუმცა ოპტიმიზმის პარალელურად სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა — ხომ არ გახდა ქართული ეკონომიკა ზედმეტად დამოკიდებული იმპორტსა და სავალუტო შემოდინებებზე? ექსპერტების ნაწილის შეფასებით, თუ ეკონომიკა ადგილობრივ წარმოებას ვერ აძლიერებს, ლარის ნებისმიერი გამყარება დროებითი ეფექტი იქნება და არა სტრუქტურული ცვლილება.

კრიტიკული შეფასებები განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ისმის. ეკონომისტები მიუთითებენ, რომ ქვეყნის ბაზრის დაახლოებით 80% იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველო უცხოური ფასების მიმღებია და არა მათი განმსაზღვრელი.

ლია ელიავაც პირდაპირ ამბობს, რომ ინფლაციის წინააღმდეგ მხოლოდ მონეტარული პოლიტიკა ვერ იმუშავებს.

„მართალია, ეროვნული ბანკი ვალდებულია შეინარჩუნოს სტაბილურობა და დაბალი ინფლაცია, მაგრამ სისტემატურად ამას ვერ ახერხებს, რადგან ქვეყანაში წარმოება ფაქტობრივად ძალიან მწირია და ისიც დამოკიდებულია შემოტანილი ნედლეულის ფასებზე“, — აღნიშნავს ფინანსისტი.

ამ ფონზე ეროვნული ბანკის პოლიტიკა უფრო დამცავ ბალიშს ჰგავს, ვიდრე ეკონომიკური გარდატეხის ინსტრუმენტს. ლარის სტაბილურობა ამცირებს შოკს, მაგრამ ვერ აუქმებს მის მიზეზს. თუ მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსები კიდევ გაძვირდება, თუ ლოგისტიკური კრიზისი გაღრმავდება ან რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაიზრდება, საქართველოც ავტომატურად მიიღებს ამ დარტყმას, მიუხედავად იმისა, რამდენად მყარი იქნება ლარის კურსი კონკრეტულ პერიოდში.

საბოლოოდ, მთავარი პრობლემა ისევ უცვლელი რჩება — საქართველო დღესაც ეკონომიკურად უფრო მეტად დამოკიდებულია უცხოურ ბაზრებზე, ვიდრე საკუთარ წარმოებაზე. ასეთ პირობებში ლარის გამყარება შესაძლოა დროებით ამშვიდებდეს ბაზარს, მაგრამ ფასების რეალური სტაბილიზაციისთვის მხოლოდ ძლიერი ეროვნული ვალუტა უკვე საკმარისი აღარ არის.

წყაროები: