2024 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 6-8 კვირამდე ბავშვების 51% მოდიფიცირებულ რძით(ფორმულით) იკვებება, 33% ძუძუთი, ხოლო - 16% ორივეს მოიხმარს.
ფორმულა სპეციალური დაბალანსებული პროდუქტია, რომელსაც ბავშვებს ძირითადად მაშინ აძლევენ, როცა დედას საკმარისი რძე არ აქვს.
საკვები ფორმულები ძირითადად სოიის, კოვზის რძისა ან სხვა მცენარეული ცილებით მზადდება, თუმცა, ზოგი ფორმულა დამატებით ნუტრიენტებსაც შეიცავს (მაგალითად: DHA-დოკოზაჰექსაენის მჟავა და ARA- არაქიდონიური მჟავა), რომლებიც ტვინის განვითარებას ხელს უწყობენ, ასეთ ფორმულას ძირითადად მაღალ საფასო კატეგორიაში შეხვდებით.
ფორმულა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროდუქტი ახალშობილებისთვისაა, რადგან, როგორც წესი, მყარ კვებაზე გადასვლამდე ბავშვისთვის ერთადერთი საკვები პროდუქტია.
გემოსა და ტექსტურაზე მიჯაჭვულობის გამო, ბავშვები ფორმულას ფაქტობრივად, არ იცვლიან და ხელოვნურ კვებას, ერთი ბრენდით ასრულებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, თანხების დაზოგვა ან არჩეული ფორმულის ბიუჯეტური პროდუქტით ჩანაცვლება, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
წლამდე ბავშვები თვეში დაახლოებით ხუთ 800-გრამიან ფორმულას მოიხმარენ, რაც ქართულ აფთიაქებში არსებული ფასით, ერთი თვის განმავლობაში, 324,75 ლარს უდრის (ფასი დათვლილია სააფთიაქო ქსელების ვებგვერდზე მითითებული მონაცემებით და განსაზღვრავს „საშუალო“ კატეგორიის საკვებს).
საქართველოში, ბავშვთა კვების ძირითადი დისტრიბუტორი სააფთიაქო ქსელებია.
,,კომერსანტი" შეეცადა, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი სამივე მსხვილი სააფთიაქო ქსელისგან მიეღო. გონივრულ ვადებში ინფორმაციის ვერ მიღების გამო, სტატია არ მოიცავს "ჯიპისის" პოზიციას.
პსპ-ს წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ბავშვთა კვებით კატეგორიაში, მომხმარებლები ფასს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ: „წარმოებული ქვეყნების მიხედვით ფასებიც ცვალებადია, მაგ. დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული პროდუქტები უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში; თუმცა ამ კატეგორიაში ბიუჯეტური პროდუქტები შედარებით ნაკლებად მოთხოვნადია“.
ბოლო პერიოდია, ფასების მხრივ სოციალურ ქსელებში დედები აქტიურად გამოხატავენ პრეტენზიას, მათი თქმით, ბავშვთა კვებაზე ფასებმა თებერვალ-მარტის თვეში რამდენჯერმე მოიმატა, ფასდაკლებები კი ამ კატეგორიაში ფაქტობრივად არ გვხვდება.
აღნიშნულ ინფორმაციას, ბავშვთა კვების კიდევ ერთ დისტრიბუტორ სააფთიაქო ქსელ „ავერსში“ გვიდასტურებენ. მათი თქმით, ფასები ბოლო კვარტალში 3-5%-ით გაძვირდა, რაც რძის ფხვნილზე ფასის ზრდით იყო განპირობებული.
რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ავერსის" წარმომადგენლების ინფორმაციით, 12 თვემდე ბავშვთა ადაპტირებულ რძეზე ფასდაკლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, აკრძალულია.
„მართალია, ეს თემა საკმაოდ მგრძნობიარეა, უმეტესობა ბავშვთა კვებისა იმპორტირებულია და ფასზე გავლენას ახდენს გლობალური ფაქტორები - ტრანსპორტირების ხარჯი, ვალუტის კურსი, მწარმოებლის ფასი და ა.შ. საბოლოო სარეალიზაციო ფასზე ძირითადად რეკომენდაციას იძლევა იმპორტიორი კომპანია, ხოლო სააფთიაქო ქსელის ფასნამატი ადაპტირებულ რძეზე, როგორც წესი მინიმალურია.
რაც შეეხება ფასდაკლებებს – ჩვენს ქსელში ყოველთვიურად გვაქვს შეთავაზებები ბავშვთა კვებაზე. თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 12 თვემდე ადაპტირებულ რძეზე ფასდაკლება აკრძალულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, რომელსაც საქართველოც ემორჩილება. ამიტომ პირდაპირ ფასდაკლებას ვერ ვაკეთებთ, თუმცა ხშირად ვთანხმდებით მომწოდებლებთან და ვამცირებთ სარეალიზაციო ფასს ისე, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს პროდუქტი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სააფთიაქო ქსელების როლი ადაპტირებული რძის ფასწარმოქმნაში მინიმალურია. რამდენიმე მომწოდებლის მხრიდან ბოლო თვეებში დაფიქსირდა 3-5%-იანი გაძვირება ადაპტირებულ რძესა და კვებაზე.
თუმცა ბევრი ადგილობრივი მომწოდებელი კვლავ ინარჩუნებს ძველ ფასებს. ძირითადი მიზეზებია გლობალური ფაქტორები: რძის ფხვნილის მსოფლიო ფასის ზრდა, ტრანსპორტირების ხარჯები და ლარის კურსის ცვლილებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ნელ-ნელა მოქმედებდა“,- აღნიშნა „ავერსის“ წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.