ქართული ღვინო ჯერ კიდევ ასოცირებულია საბჭოთა კავშირთან, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი“ “ღვინის კომპანია 91" დამფუძნებელმა, თამარ მარკოზაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ბევრმა მცირე მარანმა დაიწყო განსხვავებული, განსხვავებული მეთოდით ღვინოების წარმოება, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირება კვლავ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
“ქართული ღვინო მსოფლიოში ჯერ კიდევ ასოცირებულია საბჭოთა კავშირთან და ისეთ ღვინოებთან, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში სვამდნენ. დღესდღეობით, უკვე ბევრი მცირე მარანი განვითარდა, რომლებმაც დაიწყეს უცხო ღვინოების წარმოება. თუმცა, ამ მცირე მარნებს უკიდურესად უჭირთ პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე იმიტომ, რომ ერთი ბრენდისთვის, თუნდაც დიდი ბრენდისთვის შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს”, - თქვა მან.
თამარ მარკოზაშვილი დადებითად აფასებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მცდელობებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო სიღრმისეული და სტრატეგიული ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან.
“უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა არსებობდეს და თითოეული ნაბიჯი, რაც ღვინის ინდუსტრიაში იდგმება, ეს ყველაფერი გრძელვადიანი გეგმის და გრძელვადიანი ხედვის ჭრილში მოხდეს. იმიტომ, რომ იმპულსურად ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს.
ყოველწლიურად, ღვინის ეროვნული სააგენტო ცდილობენ გეგმის წარდგენას, თუმცა ჩემი აზრით სახელმწიფოს ჭრილშიც გრძელვადიანი გეგმა და ხედვა არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს თამარ მარკოზაშვილი.