ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია “მეამა” პიარ სამსახურის ორმა თანამშრომელმა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით კომპანია „მეამადან“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ათეული თანამშრომელი გათავისუფლდა და ამ ეტაპზე კომპანიას მუშა-ხელის პრობლემა აქვს.
„კომერსანტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურს დაუკავშირდა, კომპანიაში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას არ ადასტურებენ. Meama-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიშა გოგოლაურის თქმით, კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„გადალაგება ჰქონდათ სტრატეგიული, დიდი ხნის წინ იყო და ახლა ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივად. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ დაგვიდასტურებია,“ - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ კომპანია უახლოეს პერიოდში სიახლეებს გეგმავს.
„მეამას” ყავის ქარხანა ოფიციალურად 2020 წლის თებერვალში გაიხსნა. კომპანია ამჟამად 16 სახეობის ამერიკული და 16 სახეობის ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს აწარმოებს. ასევე 9 სხვადასხვა გემოს მქონე ჩაის კაფსულებს და 4 სახეობის ნალექიან ყავას.
„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას