მზის ელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანია „ჰელიოს ენერჯი" ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, ამ ხნის განმავლობაში მათ დაინსტალირებული აქვთ 200-ზე მეტი მზის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე 10 მეგავატია.

თორნიკე დარჯანიას თქმით, ბოლო წლებში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაიზარდა და ამის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ალტერნატიული ენერგიის წყაროებისადმი ინტერესის ზრდაა.

„ბოლო წლებში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა ორმაგდება. სხვა კომპანიებიც გაჩნდნენ ბაზარზე, რომლებიც დამწყებები არიან, მაგრამ ამ დარგის პოპულარიზაციას ხელს უწყობენ. ზოგადად თემა - განახლებადი ენერგიები - გახდა საინტერესო. მარტო მზის ენერგია არ ვგულისხმობ, სხვა დარგებსაც ეხება ეს - ქარის ენერგიას, ბიომასა დ ა.შ. ყველა ფიქრობს, რომ საჭიროა ალტერნატიული ენერგიის წყარო და ზოგი მიკროჰესს აშენებს და ზოგი - მზის ელექტროსადგურს. მზის ელექტროსადგური უფრო მარტივად დასაყენებელია და ამიტომაა პოპულარული“, - აცხადებს თორნიკე დარჯანია და მზის ელექტროსადგურების უპირატესობებზე საუბრობს: „ელექტროენერგიის ხარჯი გაძვირდა და ყველამ დაინახა, რომ ელექტროენერგია არის პროდუქტი, რომელიც კიდევ შეიძლება გაძვირდეს, რაც პრობლემას ქმნის ბიზნესისთვის. ჩვენთან არსებობს ბიზნესები, სადაც დანახარჯების 30-40% ელექტროენერგიაზე მოდის. შესაბამისად, როცა მათ ელექტროენერგია უძვირდებათ, პროდუქტს აძვირებენ და კონკურენტუნარიანობას კარგავენ. აქედან გამომდინარე, ალტერნატიული ენერგიის წყაროები მათთვის მომგებიანია“, - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

მისი თქმით, მზის ელექტროსადგურებით დაინტერესებულია ყველა, ვისაც ელექტროენერგია სჭირდება. 80% კი იურიდიული პირებზე მოდის. 

„მოთხოვნა დიდია, დაწყებული ტურიზმის სფეროდან, დამთავრებული - ნებისმიერი საწარმოთი და სასტუმროთი. პოტენციურად ჩვენი მომხმარებელია ყველა, ვინც ელექტროენერგიას მოიხმარს. „ჰელიოს ენერჯი“ მზის ელექტროსადგურებს ამონტაჟებს: თბილისში, დადიანის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ სახურავზე, „სპარში“, „ხარებას“ ვაჩნაძიანის საწარმოში და ბექაურის ვენახებში.“, - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

მისი თქმით, მზის ელექტროსადგურის მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციები საკმაოდ მოცულობითია. 500 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური რომ მოაწყო, შეიძლება 300-350 დოლარამდე დაჯდეს. ამის 95%-ის დაფინანსება ბანკებიდან ხდება, არის შეღავათიანი კრედიტები და სხვა ხელშემწყობი მექანიზმები, რომლებიც მომხმარებელს მათ დამონტაჟებაში ეხმარება.

„ჰელიოს ენერჯის“ საზღვარგარეთიდანაც ჰქონდა შეკვეთები, მაგრამ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ისე გაიზარდა მოთხოვნა, უცხოური პროექტებისადმი ინტერესი დაკარგეს.

„გვქონდა დაინტერესება უცხოეთიდან, 2 წლის წინ გერმანიაში ვმუშაობდით, მაგრამ იმდენად დიდი დატვირთვა გვაქვს შიდა ბაზარზე, რომ ვერ ვახერხებთ ვერც ჩვენი შრომის და ვერც მასალის ექსპორტს“, - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

„ჰელიოს ენერჯის“ 17 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და როგორც თორნიკე დარჯანია აცხადებს, კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, სხვადასხვა სფეროებს ითვისებენ, ბაზრის მოთხოვნებს აკვირდებიან და ამის მიხედვით ამზადებენ კადრებს.