ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართული გასტრო ბარი “ჟამი” იხსნება, რომელიც ნოემბრიდან ევროპელ სტუმრებს ქართულ ღვინოს, სამზარეულოსა და თანამედროვე ხელოვნებას გააცნობს - “ჟამის” შექმნის იდეასა და კონცეფციაზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი, თამარ ერისთავი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპაში ქართული გასტრონომიის მიმართ დაინტერესება მზარდია.

“ევროპის შუაგულში მდებარე ქალაქი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის კუთხით ასევე, სპეციალურად ანტვერპენში ჩამოსული გასტრო ტურისტებით, ძირითადად, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან. ამიტომ გადაწყდა ქართული გასტრო ბარის გახსნა ანტვერპენში - ქალაქის შუაგულში ძველ ისტორიულ შენობაში, რომელიც აშენებულია 1574 წელს. ამ შენობაში პატარა საათების საამქრო იყო და შენობასაც სწორედ ასე ჰქვია "De Cleyne Clocke“ (პატარა საათი). ამან განაპირობა ჩვენი გასტრო ბარის სახელწოდებაც “ჟამი,“ რომელიც ჰარმონიულად უკავშირდება ამ შენობის ისტორიას და თან ქართული სიტყვაა.

კონცეფცია საკმაოდ საინტერესოა. გაერთიანებული იქნება სამი კომპონენტი: ღვინო, გასტრონომია და ქართული თანამედროვე "არტი". ჩემი აზრით, ამით ჩვენ ვქმნით პატარა კულტურულ ჰაბს. ყველა იქ მოსული ადამიანი, არამარტო დააგემოვნებს ჩვენს სამზარეულოსა და ღვინოს, არამედ პატარა საგამოფენო სივრცეშიც აღმოჩნდება. ჩვენი სივრცის კედლები მუდმივად განახლებადი იქნება და ამით ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. რამდენიმე წლის უკან მე დავაფუძნე ქართული გალერეა „ერისთავი გალერეა“ ანტვერპენში და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის თვალსაზრისით”, - ამბობს თამარ ერისთავი.

“ჟამის” ინტერიერისა და ლოგოს დიზაინი ქართველ დიზაინერებს ეკუთვნით. როგორც მისი თანადამფუძნებელი გვეუბნება, კონცეფციასა და, მათ შორის, კერძებშიც, ქართული ელემენტებია შენარჩუნებული და გათანამედროვებული.

“საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია ჩავდეთ ამ პროექტში. ჩვენი სივრცის ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის ქართველ დიზაინერს, ოთარ გოგავას. სწორედ მან მოახერხა შეექმნა მყუდრო, თანამედროვე გარემო, თავისი ისტორიული ელემენტების გათვალისწინებით. ლოგო კი შეიქმნა ქართულ და ლათინური შრიფტის გაერთიანებით. ავტორმა ძალიან საინტერესოდ დაუკავშირა ქართული და ლათინური დამწერლობა და მთლიანობაში ერთიანი, ძალიან საინტერესო სახე მიიღო. ავტორი არის ქართველი მხატვარი, რომანოზი”, - ამბობს “ჟამის” თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება გასტრო ბარის მენიუს, თამარ ერისთავი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოს, მათ შორის მცირე მარნების წარმოებას დაეთმობა.

“ღვინის ექსპორტი ჩვენთვის ნაცნობი თემაა, ჩემს საქმიან პარტნიორს, ეკატერინე ლაცაბიძეს, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს, უკვე აქვს დიდი გამოცდილება ქართული ღვინის ექსპორტში და წლებია ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ ღვინოზე. გვექნება როგორც მცირე მარნების, ასევე პრემიუმ ხაზის დიდი მწარმოებლების რჩეული ღვინოები.

მოვიწვიეთ ორი ქართველი შეფი, რომლებიც სპეციალურად იმუშავებენ ჩვენს მენიუზე. რა თქმა უნდა საინტერესო, ცოტა გათანამედროვებული ქართული გასტრონომია იქნება წარმოდგენილი. შემდგომში კი სამზარეულოს ბელგიაში მცხოვრები ქართველი გოგონა, ოლიკო ძავაშვილი ჩაიბარებს,რომელიც უკვე წლებია ცხოვრობს ბელგიაში და ჩვენი გასტრო ბარის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ქართული სამზარეულო ბელგიაში ნაკლებად იციან. რა თქმა უნდა, ბოლო დროს ეს ტენდენცია იცვლება. სწორედ ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საბაბს. უკვე ბევრი ადამიანი ელოდება ჩვენი სივრცის გახსნას. ზოგი ნამყოფია ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად განიცდის ქართული სამზარეულოს არ ქონას ბელგიაში. ზოგსაც უბრალოდ სმენიათ და აინტერესებთ”, - აღნიშნავს თამარ ერისთავი.

“ჟამის” სივრცე პირველ ეტაპზე 20-25 სტუმარს დაიტევს, მოგვიანებით კი გასტრო ბარი ტერასასაც გახსნის, სადაც უფრო მეტი ადამიანის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. სამომავლო გეგმებზე საუბრისას “ჟამის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ, პროექტის პოტენციალის შეფასების შემდეგ, მისი სხვა ქალაქებში, მათ შორის ბელგიის საზღვრებს გარეთ, გატანაც შესაძლებელია.

წყარო: BMG