უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, რაინერ საქსი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის რეაგირება კორუფციულ სკანდალზე, რომელშიც ანდრეი ერმაკი გაეხვა, დაგვიანებული იყო.
28 ნოემბრამდე, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა, ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ხელმძღვანელობდა. „ეს სკანდალი და მისი გადადგომა დაასუსტებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა საქსმა.
54 წლის ერმაკი თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ზელენსკიმ 2020 წელს დანიშნა. მან თანამდებობა პარასკევს, მას შემდეგ დატოვა, რაც ანტიკორუფციული ბიუროს აგენტებმა მისი სახლი გაჩხრიკეს.
„პრეზიდენტმა რეაგირება დაგვიანებით მოახდინა. მკაფიო პასუხი უფრო ადრე უნდა გაჟღერებულიყო. ოფისის ხელმძღვანელის ადრე შეცვლა გაცილებით ძლიერი სიგნალი იქნებოდა“, - აღნიშნა საქსმა ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებლის (ERR) გადაცემაში „აქტუალური კამერა“ (Aktuaalne kaamera).
„ახლა ძალიან რთულია ზიანის მასშტაბის შეფასება“, - ამბობს საქსი და შენიშნავს, რომ განვითარებული მოვლენები „არ გააუმჯობესებს უკრაინის პოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და ხელს არ შეუწყობს უკეთესი საბოლოო შედეგის მიღწევას“.
საქსის თქმით, აშშ-მა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლა ეს სკანდალი, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოიყენონ.
საკუთარი კონტროლის ქვეშ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მოქცევას ერმაკი მას შემდეგ ცდილობდა, რაც ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეს დიდი ოდენობის თანხის სავარაუდო მითვისება დაბრალდა.
„იმიჯის ზიანი, ძირითადად, პრეზიდენტის ოფისის კონტროლის ქვეშ ანტიკორუფციული სტრუქტურების მოქცევის მცდელობამ განაპირობა. ეს ნაბიჯი ანდრეი ერმაკის სახელს მჭიდროდ უკავშირდება“, - განაცხადა საქსმა.
უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსი, არტიომ დუდჩენკო კი ვარაუდობს, რომ აშშ-ის დაზვერვა ერმაკის სავარაუდო კორუფციული კავშირების შესახებ, სავარაუდოდ, ინფორმირებული იყო. „ეს ყველა უცხოელმა პარტნიორმა იცოდა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, საქსისგან განსხვავებით, დუდჩენკო მიიჩნევს, რომ მისი გადაყენება, შესაძლოა, უკრაინის პოზიციას წაადგეს: „ანდრეი ერმაკის არყოფნამ შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პოზიცია კი არ შეასუსტოს, არამედ გააუმჯობესოს“.
BBC-ის ცნობით, პროფესიით იურისტი ანდრეი ერმაკი, რომელიც კინოპროდიუსერადაც მუშაობდა, ბევრს, პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგ, უკრაინაში მეორე ყველაზე გავლენიან პირად მიაჩნდა. როგორც BBC-ი იუწყება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ის კორუფციულ სკანდალში გაეხვა, რომელიც მაღალი რანგის სამთავრობო ჩინოვნიკები მონაწილეობდნენ. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (Nabu) და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის (Sapo) გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ენერგეტიკის სექტორის საჯარო პროექტებიდან ამ პირებმა 100 მილიონი აშშ დოლარი მიითვისეს. ისედაც მოწყვლადი ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთის სამხედრო იერიშების მუდმივი სამიზნეა, ამან კიდევ უფრო გააუარესა.
ასევე საკამათო აღმოჩნდა, ზელენსკის გადაწყვეტილება, რომ ანტიკორუფციული ორგანოების ცენტრალიზება მთავრობის კონტროლის ქვეშ მოეხდინა, რასაც საზოგადოებრივი პროტესტი და ევროკავშირის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომლის წევრობაც უკრაინას სურს.
ერმაკის წასვლამ გაურკვევლობა შექმნა მოლაპარაკებებში უკრაინის ხელმძღვანელობის უწყვეტობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აშშ-სთან. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ, ანდრეი ერმაკი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
წყარო: 1 არხი