8 ნოემბერს უნგრეთმა განაცხადა, რომ აშშ-ს სანქციებზე განუსაზღვრელი დროით შეღავათი მიიღეს რუსული ნავთობისა და გაზის გამოსაყენებლად, თუმცა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-ს განუმარტა, რომ საშეღავათო პერიოდი მხოლოდ ერთ წელს ფარავს.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა, რათა აშშ-სგან ეთხოვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნგრეთზე არ გავრცელებულიყო. უნგრეთი ძლიერაა დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულზე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

"პრემიერმინისტრმა მკაფიოდ თქვა. ის აშშ-ს პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ ჩვენ განუსაზღვრელი ვადით შეღავათი მოვიპოვეთ სანქციებზე," დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ Facebook-ზე, თუმცა, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს წერილობით უპასუხა, რომ საშეღავათო პერიოდი ერთწლიანია.

მაღალჩინოსანმა ასევე დაამატა, რომ უნგრეთი ენერგორესურსების იმპორტის დივერსიფიკაციასაც დაიწყებს და აშშ-სგან თხევად ბუნებრივ აირს შეისყიდის, რისი კონტრაქტების ღირებულებაც $600 მილიონი იქნება.

7 ნოემბერს ვაშინგტონში ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთმა სანქციებზე განუსაზღვრელი ვადით შეღავათი მოიპოვა TurkStream-ის ბუნებრივი აირისა და "დრუჟბის" ნავთობის მილსადენების გავლით ენერგორესურსების იმპორტზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2024 წელს უნგრეთმა ბუნებრივი აირის 74%, ხოლო ნავთობის 86%, რუსეთისგან შეისყიდა.