როგორც ჩანს, ყველა გზა რომში არ მიდის — ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი გაგებით.

იმპერიის სახმელეთო გზების ახალი რუკა თითქმის აორმაგებს დადასტურებული უძველესი რომაული საგზაო ქსელის სიგრძეს, 190 000 კილომეტრიდან 300 000 კილომეტრამდე; ძირითადი კვანძები თავად რომისგან შორს მდებარეობს.

რუკა, სახელად Itiner-e, საჯაროდ ხელმისაწვდომია და როგორც არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ორჰუსის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტომ ბრუგმანსი აღნიშნავს, ასახავს მთლიანი რომაული საგზაო ქსელის მაქსიმუმ სამ პროცენტს.

„ეს ჩვენთვის უდიდესი სიურპრიზი და გამოსაფხიზლებელი იყო — გზები ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული თემაა რომაულ არქეოლოგიასა და ისტორიაში, ისინი ყველგან იყო, გვაქვს ისეთი ანდაზები, როგორიცაა „ყველა გზა რომში მიდის“. როგორ შეიძლება მოხდეს, რომ მათი მხოლოდ სამი პროცენტის ადგილმდებარეობა ვიცით დაზუსტებით?“, — ამბობს ბრუგმანსი.

მისი განცხადებით, დასკვნა სინამდვილეში ძალიან კოსნტრუქციულია და როგორც მათი კვლევა მიუთითებს, რომაული გზების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა უფრო მეტ კვლევასა და ყურადღებას მოითხოვს.

ძველი რომის იმპერიას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ზეობის პიკში მისი ფართობი ხუთ მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევდა და ქალაქ რომიდან კონტროლდებოდა. მისი ექო დღესაც ცოცხლობს — მისი ლიტერატურა და პროპაგანდა, მისი გრაფიტები, ხელოვნება და არქიტექტურა.

რომაული საგზაო სისტემაზე ლეგენდები დადიოდა — იმპერიის მასშტაბით გადაჭიმული უზარმაზარი ქსელი, რომელსაც რომის გაფართოებასა და შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი მიეწერება. მშენებლები და მომვლელები იმდენად იყვნენ დახელოვნებული, რომ უძველეს გზებს დღეს, ათასობით წლის შემდეგაც ვპოულობთ, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელ ადგილებში.

გზები ბევრ რამეს გვასწავლის ძველ რომაელთა შესახებ. მაგალითად, როგორ გადაადგილდებოდნენ და ვაჭრობდნენ ერთმანეთში, იმპერიის გაფართოებასა ქრონოლოგიას, დაავადებების გავრცელებას. მიუხედავად ამისა, ძველი და ფრაგმენტირებული იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია რომაული გზების ქსელის შესახებ.

ბრუგმანსმა და მისმა ჯგუფმა გადაწყვიტა, პროექტ Itiner-e-ს ფარგლებში მოეხდინა რუკის ერთ ადგილას ცენტრალიზება და ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გაეხადა.

„პროექტის მთავარი წვლილი ისაა, რომ თავს უყრის ყველა კვლევას რომაული გზების ადგილმდებარეობის შესახებ ღიად და პასუხისმგებლობით. 14 769 გზის სეგმენტიდან ყოველს აქვს წყარო, რომელიც მის მოძებნაში დაგვეხმარა. ეს პირველი ღია მონაცემთა ბაზაა, რომელიც აერთიანებს კვლევებს რომაული გზების ადგილმდებარეობათა შესახებ მთელი იმპერიის მასშტაბით. ასეთი კვლევები 200 წელია მიმდინარეობს და უნდა გვქონდეს სანდო რესურსი, რომელიც ამ ცოდნას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის“, — განმარტავს ბრუგმანსი.

პროექტის მიზანი ყველა ხელმისაწვდომი მონაცემის თავმოყრა იყო; მათ შორის, წინა კვლევების, ისტორიული ჩანაწერების, არქეოლოგიური მონაცემების, 1800 – 1900-იანი წლების რუკების და ახლად აღმოჩენილი გზების.

ვრცლად პირველ არხზე