რუსული არმია, სავარაუდოდ, პოკროვსკსა და მირნოგრადს დაიკავებს, თუმცა ამის ფასი ძალიან მაღალი იქნება, – ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ წერს.

„რუსეთის სამხედრო სარდლობამ გადაწყვიტა, ერთდროულად ჩაატაროს რამდენიმე შეტევითი სამხედრო ოპერაცია. კერძოდ, ხარკოვის ჩრდილოეთ რეგიონში ვოვჩანსკის და ველიკი ბურლუკის მიმართულებით; ხარკოვის აღმოსავლეთ რეგიონში კუპიანსკის მიმართულებით; დონეცკის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ციხესიმაგრეების სარტყელში სევერსკის მიმართულებით; დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე ველიკა მიხაილოვკას მიმართულებით; ზაპოროჟიეს აღმოსავლეთ რეგიონში ჰულიაიპოლეს მიმართულებით“, – აცხადებენ პლატფორმის ანალიტიკოსები.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რუსულ ძალებს, სავარაუდოდ, სურთ, შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს რუსული არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს მთელ ბრძოლის ველზე, რაც ფრონტზე არსებულ რეალობას ეწინააღმდეგება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 121 დრონით შეუტია. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 217 სამხედრო შეტაკება მოხდა, რომელთა მესამედზე მეტი მხოლოდ პოკროვსკის მიმართულებით დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 1000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა და ომის დაწყებიდან რუსეთის მსხვერპლმა 1 154 000-ს გადააჭარბა.

1tv.ge