ლიეტუვის პარლამენტმა გასულ კვირას დაიწყო დებატები საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც 16 და 17 წლის მოზარდებს მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალებას მისცემს. აღნიშნული ინიციატივის მხარდამჭერთა თქმით, ეს ცვლილება ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობას გაზრდის.

მოსწავლეები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სეიმს (პარლამენტს) კანონმდებლების მუშაობისთვის თვალის მისადევნებად, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის ასაკის დაწევას დიდი ხანია ითხოვენ. ლიეტუვის მოსწავლეთა კავშირის პრეზიდენტი, მარტინას დიკშაიტისი ამბობს, რომ 16 წლის ბევრ მოზარდს ზრდასრულთა პასუხისმგებლობები უკვე აკისრია.

„დღეს, 16 წლის მოზარდს შეუძლია სკოლის დატოვება, გადასახადების გადახდა, მუშაობის დაწყება, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა. მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც შეიძლება. მაშ, რატომ არ უნდა შეეძლოთ მათ ხმის მიცემა?“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრის გაფართოება უფრო მეტ ახალგაზრდას წაახალისებს, გაწევრიანდნენ სამოქალაქო ორგანიზაციებში და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „ეს შეიძლება გახდეს მომენტი, როდესაც ახალგაზრდებს ცხოვრებიდან გარიყულად აღარ იგრძნობენ თავს“, - მიიჩნევს დიკშაიტისი.

ინიციატივის მხარდამჭერები ასევე ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილება გააძლიერებს ახალგაზრდების კავშირს მშობლიურ თემებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სასწავლებლად სხვაგან გადადის.

„ახალგაზრდები, რომლებიც მშობლიურ ქალაქს სწავლის გამო ტოვებენ, თანდათან კარგავენ კავშირს ადგილობრივ თემთან. უფრო ადრეულ ასაკში ხმის მიცემის უფლების მიცემით, ვიმედოვნებთ, რომ მეტ ახალგაზრდას ჩავრთავთ ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაში“, - აცხადებს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, „სოციალ-დემოკრატი“ დეპუტატი, ტომას მარტინაიტისი.

„ლიბერალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტარი, ანდრიუს ბაგდონასი აღნიშნავს, რომ რომ ადრეული ასაკიდან არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდებს ხმის მიცემის ჩვევის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. „ამ ინიციატივის მიზანია, ახალგაზრდები საარჩევნო უბნებზე მისვლას უფრო ადრეულ ასაკში მიეჩვიონ, - თქვა მან, - თუ ისინი გიმნაზიის კედლებში აქტიურები არიან ან სასკოლო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობენ, ამ შემთხვევაში, ასეთი ინტერესი კიდევ უფრო ადრე გაუღვივდებათ“.

ლიეტუვის იუსტიციის მინისტრი, რიტა ტამაშუნიენე ამ იდეას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ ბევრ მოსწავლეს პოლიტიკის შესახებ საკმარისი ცოდნა არ აქვს. „პოლიტიკურ დისკუსიებსა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე დაყრდნობით რასაც ვხედავ, ის არის, რომ პოლიტიკის სფეროში მათი ცოდნა ჯერ კიდევ საკმაოდ ზედაპირულია“, - განაცხადა მან.

მინისტრისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი დეპუტატი, ვიქტორ ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ახალგაზრდები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. „მე სამოქალაქო აქტივობა 16 წლის ასაკში, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დავიწყე და მოგვიანებით, სეიმის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გავხდი. ამიტომ, ასაკთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ფიოდოროვმა.

18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ხმის მიცემის უფლება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აქვთ მინიჭებული. ავსტრია და მალტა 16 წლის მოზარდებს ყველა სახის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს, ხოლო საბერძნეთში ხმის მიცემის ასაკი 17 წლიდან იწყება. 16 და 17 წლის მოზარდებისთვის ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ესტონეთმა ათი წლის წინ შემოიღო.

ლიეტუვის კონსტიტუციის შეცვლას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. კანონმდებელთა თქმით, საარჩევნო ასაკის დაწევის შესახებ დებატები მომდევნო თვეებში გაგრძელდება.

წყარო: 1 არხი