რუს დევნილ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ კრემლის "პოლიტტექნოლოგების" კოორდინატორის, სერგეი კირიენკოს კანტორაში მომზადებული პრეზენტაცია სახელად "რუსეთი გამარჯვების შემდეგ", რომლის არსიც რუსეთის მოსახლეობის უკრაინაში მარცხთან შეგუების ღონისძიებებია, - ამის შესახებ "ევროპის მოამბე" იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტში თავიდანვეა ნათქვამი, რუსები მიჩვეული არიან რომ "გამარჯვება" ბრელინის კაპიტულაციასავით გამოიყურება, უკრაინაში კი კომპრომისული შეთანხმება იქნება მიღწეული და ამან ხალხის იმედგაცრუება უნდა გამოიწვიოსო. სტატიაში წერია, რომ ამის თავიდან ასარიდებლად, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს აქვთ გეგმა.
"კრემლის "პიარშიკები" გეგმავენ განაცხადონ, დიდმა ლიდერმა, პუტინმა "პიროსის გამარჯვება" აგვარიდა თავიდან, რეალურად სულ მშვიდობისკენ ვისწრაფოდით და ახლა სწრაფი აღორძინება დაიწყება, უახლოეს მომავალში აზოვის ზღვის და უკრაინის დაპყრობილ სანაპიროზე ახალ სასტუმროებში მოისვენებთო. ნათლადაა ნათქვამი, რომ ომის გაგრძელება რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევდა.აქვეა აღნიშნული, რომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა შთააგონონ, რომ ამ ომში რეალურად "ევროპამ საკუთარი სახე გამოაჩინა" და სადღაც 10-15 წელში აღარც უკრაინა იარსებებს და არც ევროპა, ხოლო რუსეთი ახლო აღმოსავლეთისა და ციმბირის რესურსებს აითვისებს, ხოლო მისი ეკონომიკა დაპყრობილი უკრაინის წიაღისეულისა და ნაყოფიერი მიწების ხარჯზე გაიხარებს.საინტერესოა, რომ დოკუმენტში საფრთხედ და პოტენციურ მოღალატეებად არიან აღქმული ომის მხარდამჭერი ბლოგერები და უკრაინის ომის ვეტერანები, რადგან ისინი "ემოციურად გადაჯაჭვულნი" არიან ომის თემაზე და პუტინის მშვიდობას შეიძლება შეეწინააღმდეგონო. აშკარაა, რომ იგეგმება პირველთა დისკრედიტაცია, ხოლო მეორეთა აფრიკის სამხედრო ოპერაციებში გამწესება.აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი ომის დასრულების სცენარად იმ გეგმას განიხილავს, რაც ბოლოს რუსეთმა შესთავაზა აშშ-ს - დონეცკის ოლქის გადაცემა რუსეთისთვის, კონტაქტის ხაზზე ბრძოლის შეწყვეტა ხერსონსა და ზაპოროჟიაში, სუმისა და ხარკოვის რეგიონებიდან რუსების გასვლა. აქვეა ნავარაუდევი აშშ სანქციების გაუქმება (ნათქვამია, რომ ევროპული სანქციები შენარჩუნდება), ხოლო რუსული აქტივების ნაწილის გამოყენება როგორც უკრაინის, ისე რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების აღსადგენად," - წერია "ევროპის მოამბის" სტატიაში.