„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა, დეზირე დუემ ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
პრესტიჟული ჯილდოს, Golden Boy-ის გადაცემის ცერემონია 1 დეკემბერს ტურინში გაიმართა.
20 წლის დეზირე დუე „პარი სენ-ჟერმენში“ 50 მილიონად 2024 წლის ზაფხულში გადავიდა. შემტევმა ნახევარმცველმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის პირველ ისტორიულ გამარჯვებაში. ფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ დუემ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
პრემია Golden Boy 2003 წელს დააარსა იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ, Tuttosport-მა. პრიზი გადაეცემა 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც რომელიმე ევროპული ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში გამოდის.