რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანულმა კომპანიებმა კრემლს, გადასახადების სახით, €1.72 მილიარდი გადაუხადეს, რაც 10 000 დრონის დასაფინანსებლად საკმარისი თანხაა, ამის შესახებ კიევის ეკონომიკის სკოლის, B4Ukraine-სა და Squeezing Putin ინიციატივის ახალ ანგარიშში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, გერმანული კომპანიების ნახევარზე მეტი, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსეთში ოპერირებდნენ, ამ ბაზარზე რჩება.
კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთში 250-მდე გერმანული კომპანია მუშაობს, რომლებიც ევროკავშირის რეგულაციებს არ არღვევენ და, შესაბამისად, "არაფერს აშავებენ", თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ეს კომპანიები ირიბად აგრესორი ქვეყნის ხაზინას ავსებენ და გამოდის, რომ ომსაც ირიბად აფინანსებენ, რადგან ქვეყანაში დარჩენით, მათ პირდაპირი კონტრიბუცია შეაქვთ რუსეთის ეკონომიკაში და ამით რუსეთ-უკრაინის ომს რუსეთის სასარგებლოდ აფინანსებენ.
ანგარიშში ისიც წერია, რომ საერთაშორისო კომპანიებნმა, რომლებიც ამ დრომდე ოპერირებენ რუსეთში, მხოლოდ 2024 წელს კრემლს, გადასახადების სახით, €17.2 მილიარდი გადაუხადეს. 2022 წლიდან დღემდე კი ეს რიცხვი €50 მილიარდს აღემატება.
ეს მაშინ, როცა რუსეთი €16 ათასს იხდის თითოეულ დაკონტრაქტებულ ჯარისკაცში, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ საომრად აგზავნის (B4Ukraine-ს ინფორმაციით).
€50 მილიარდი თითქმის ნახევარია რუსეთის 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტისა (€125 მლრდ) და საკმარისი იმისთვის, რომ მილიონზე მეტი რუსი სამხედრო დაკონტრაქტდეს.
ამერიკული კომპანიების შემდეგ, გერმანული ფირმები კრემლის ხაზინის ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელები არიან: 2024 წელს აშშ-ში ბაზირებულმა ბიზნესებმა კრემლს €1 მილიარდი გადაუხადეს, გერმანულმა კომპანიებმა კი - €514 მილიონამდე. სავარაუდოდ, 2022-2024 წლებში გერმანიის კონტრიბუცია, სხვადასხვა ტიპის გადასახადის სახით, წლიურად €1.72 მილიარდს აღწევდა.
ცნობისთვის, რუსეთიდან გასვლა ბიზნესს ძვირი უჯდება. 2024 წელს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უცხოური კომპანიებისთვის ბაზრის დატოვების პროცესი უფრო ძვირი გახდებოდა, ბიზნესის გაყიდვის ღირებულებაზე გადასახადი კი 15%-დან 35%-მდე გაიზარდა.
გაიზარდა კომპანიების მიერ აქტივების გაყიდვაზე შეთავაზებული სავალდებულო ფასდაკლების რაოდენობა 50%-დან 60%-მდე. რუსული საინფორმაციო სააგენტო RBK-ის ცნობით, 50 მილიარდ რუბლზე მეტი ოდენობის ტრანზაქციებისთვის, კომპანიებს ახლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანხმობა სჭირდებათ.
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემებით, უცხოური კომპანიებისთვის კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25%-ს შეადგენს, თუმცა, რუსეთში კომპანიები არა მხოლოდ გადასახადებს იხდიან, არამედ მოგებასაც იღებენ. 2024 წელს რუსეთში გერმანული კომპანიების მთლიანმა ბრუნვამ დაახლოებით $21.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ტოტალური ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესა. ეს ზომები მოიცავს ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციებს, დიპლომატიურ და სავიზო შეზღუდვებს და ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად არის განკუთვნილი, თუმცა, თითქმის სამი წლის შემდეგ, ომი გრძელდება. რატომ არ გამოიღო სანქციებმა სასურველი ეფექტი?
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ სანქციები არ მუშაობს, არის ის, რომ ისინი სრულად არ არის აღსრულებული“, - ამბობს B4Ukraine-ის დირექტორი, ნეზირ სინანი.
მისი აზრით, ევროკავშირის სანქციების სიაში არ შესული კომპანიები მაინც წვლილს შეაქვთ რუსეთის ეკონომიკაში - და ირიბად, ომში.
„გერმანული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას უჭერენ მხარს, გაუმართლებლად მაღალია“, - ამბობს B4Ukraine-ის დირექტორი.
ის ამტკიცებს, რომ არ არსებობს საკმარისი მთავრობის ზეწოლა ან მხარდაჭერა, რათა ეს კომპანიები რუსული ბაზრიდან სწრაფად გასვლისკენ უბიძგოს.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებიდან თერთმეტი წლის შემდეგ, ჩვენ ძალიან მცირე პროგრესს ვხედავთ კომპანიების ბაზრიდან გაყვანაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთის საომარი მანქანის დაფინანსებასთან“, - განუცხადა ნეზირ სინანიმ Euronews-ს.
ის ბიზნესს რუსეთის ბაზრიდან სრულად გასვლისკენ მოუწოდებს. როგორ? „დააგდეთ გასაღებები და დაუყოვნებლივ წადით. ახლა საკმარისი მაგალითები არსებობს იმისა, თუ როგორ გააკეთეს ეს სხვა კომპანიებმა, ამბობს ის. სინანი დარწმუნებულია: რუსეთში ბიზნესის გაგრძელების არანაირი მიზეზი არ არსებობს. ფასი, რომელსაც კომპანიები იხდიან, გაცილებით მაღალია, ვიდრე ქვეყნის დატოვების ფასი, რადგან ის ასობით ათასი სიცოცხლით იზომება“, - დაასკვნა მან.