გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 18 ივლისს გამოაცხადა, რომ ევროკავშირის შემდეგ, ბრიტანეთიც უერთდება ინიციატივას, რომ ზღვით გადაზიდული რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტზე ფასის ჭერი ბარელზე 60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე შემცირდეს.
რუსეთის წინააღმდეგ ბარელზე $60-იანი ჭერი დიდმა შვიდეულმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღო, რათა, ერთი მხრივ, რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებული მოგება შეეზღუდა და, მეორე მხრივ, გლობალურ მიწოდებაში შოკი აერიდებინა თავიდან.
გაერთიანებული სამეფოს განცხადების მიხედვით, ამ ნაბიჯით მოსალოდნელია, რომ ნავთობის ექსპორტიდან რუსეთში შესული შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდეს.
"იმ ფონზე, როცა პუტინი განაგრძობს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხებას, ჩვენ გვერდზე არ ვიდგებით. ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, რუსეთის ენერგოსექტორის გულს ვარტყამთ." - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
18 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სანქციების მორიგ პაკეტს რიგით მეშვიდედ ვეტოს აღარ დაადებდა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი პაკეტის მიზანი რუსეთის ნავთობისა და ენერგო სექტორისთვის დამატებითი დარტყმების მიყენებაა. Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების ბოლო პაკეტით დიდი შვიდეული რუსულ ნედლ ნავთობზე დაწესებულ ფასს ბარელზე 60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე შეამცირებს.
სანქციების პაკეტით ასევე იკრძალება Nord Stream-ის გაზსადენთან და რუსულ ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ტრანზაქციები. ამასთან, კალასმა განაცხადა, რომ პაკეტი მოიცავს რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" დამატებით 105 ხომალდზე სანქციების დაწესებას.
"ევროკავშირმა ახლახან რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი უძლიერესი სანქციების პაკეტი მიიღო," დაწერა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა X-ზე.
"ჩვენ საფასურის გაზრდას გავაგრძელებთ, რათა აგრესიის შეჩერება მოსკოვისთვის ერთადერთ გზად იქცეს," დაამატა კალასმა.
სანქციების მიღებას X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა.
"მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ რუსეთის ომის მანქანის გულს ვარტყამთ. მათი საბანკო, ენერგო და სამხედრო-ინდუსტრიული სექტორების მიზანში ამოღებითა და მათ შორის ახალი დინამიკური ჭერით ნავთობის ფასზე," დაწერა ლაიენმა.