18 ივლისს, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციები რუსეთის სპეცსამსახურების 20-ზე მეტი თანამშრომლის, ჰაკერისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ და ისინი დაადანაშაულა „მავნე კიბერაქტივობის მუდმივ კამპანიაში“, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის დესტაბილიზაციას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, შეზღუდვები შეეხოთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამ დანაყოფს და მის 18 ოფიცერს, მათ შორის მათ, ვინც ლონდონის აზრით, უკრაინაში ომის დროს მარიუპოლზე თავდასხმებში მონაწილეობდა და ასევე მათაც, ვინც რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას თვალთვალში მონაწილეობდნენ სოლსბერიში, 2018 წელს ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მათი მოწამლავლის წინ.
"რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები აწარმოებენ კამპანიას ევროპის დესტაბილიზაციის, უკრაინის სუვერენიტეტის შელახვისა და ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ასევე განახორციელა კიბერშეტევები მედია საშუალებებზე, ტელეკომუნიკაციების კომპანიებზე, პოლიტიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ასევე, სამეფოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გარდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეზღუდვები დაუწესა „აფრიკული ინიციატივის“ პროექტის სამ ლიდერს. ეს პროექტი სავარაუდოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საწარმოა, რომელიც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში საინფორმაციო დივერსიას ახორციელებს.
დიდმა ბრიტანეთმა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, რადგან ის თავდაცვისადმი მიდგომას გადახედავს მზარდი საფრთხეების, მათ შორის რუსეთიდან, და ბირთვული და კიბერუსაფრთხოების რისკების ფონზე.
ამის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს.