გლობალური დათბობა და ყოვლისშთანმთქმელი ხანძარი, რომელმაც ამჯერადაც გადაწვა საბერძნეთი და მიუახლოვდა მეზობელ თურქეთს. ამ დროს ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა მომზადებული ჩვენი ქვეყანა ხანძრებისთვის, ან თუნდაც ის, თუ როგორ მიმდინარეობს ერთხელ უკვე მასშტაბურად გადამწვარი ტყეების აღდგენა. ამის შესახებ "კვირის პალიტრა" გარემოსდაცვით მენეჯმენტის სპეციალისტს, ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრის წევრს კახა არცივაძეს ესაუბრა.
- მასშტაბური ხანძრების ჩაქრობა ნებისმიერ ქვეყანაში უჭირთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოპერატიულობა და მზადყოფნა ხანძრების დროსა და მსხვერპლს ყველგან მაქსიმალურად ამცირებს. მაგალითად, როდესაც ევროპის რომელიმე ქვეყნის ხანძრებზე არ ვრცელდება ინფორმაცია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ ხანძრები არ არის. რა თქმა უნდა, არის, მაგრამ სახელმწიფო იმდენად მომზადებული ხვდება, რომ ლიკვიდაციაც სწრაფია და ზარალიც ნაკლები. მომზადებაში ვგულისხმობ როგორც ტექნიკურ და საგანგებო სიტუაციების სამსახურების აღჭურვასა და წვრთნებს, ასევე მოსახლეობის მომზადებასა და რეგულარულად ინფორმირებას, განსაკუთრებით გვალვებისას: ანუ გვალვებისას როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ხანძარი არ გაჩნდეს, და თუ გაჩნდება, რა ვქნათ.
სტიქიის ზონიდან რომ ადამიანი ვერ გამოგყავს, ეგებ ცეცხლი ჩვენამდე არ მოვიდესო, ეს მომზადება არ არის, რადგან სტიქიას შესაძლოა საბედისწერო შედეგები მოჰყვეს. ეს გზა ევროპის არაერთმა ქევყანამ გაიარა. მაგალითად, საბერძნეთში, სადაც კლიმატის გამო ხშირია ხანძრები, ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიის შეთვისება მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყეს. ჩვენ კი ხანძრებისთვის მზადყოფნისთვის მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენს გადამწვარ ტყეებს რაც შეეხება, ყველას გვახსოვს ბორჯომის ტყის მასშტაბური ხანძარი რუსეთთან ომის გამო, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც დაბომბვით 1000 ჰექტარი ტყე დაგვეწვა. მაშინ სპეციალისტების ყველა კონსულტაციით გადაწყდა, რომ ბორჯომის ტყე ბუნებრივი გზით უნდა აღდგენილიყო. საზოგადოდ, ყოველთვის ტყის ბუნებრივად აღდგენა ჯობს, რადგან ზუსტად ისეთივე აღდგება, როგორიც იყო. ხელოვნურად აღდგენილ ტყეს შესაძლოა ისეთი სახე აღარ ჰქონდეს როგორც მის "წინაპარს" და ბევრად მყიფეც იყოს ხანძრებისადმი. ხანძრის შემდეგ ბუნებრივი აღდგენა მისთვისაც უნიკალურია, თუ ტყის საფარი ნიადაგთან ერთად არ არის განადგურებული. ტყის სრულ აღდგენას 20-22 წელიწადი სჭირდება.
ჩვენი გადამწვარი ტყეების ბუნებრივი აღორძინებაც მშვენივრად დაიწყო, რომ არა 2017 წელს განმეორებითი ხანძარი ისევ იმავე ადგილებში. ამ ხანძარმა ახალტანაყრილ, ერთხელ უკვე გადამწვარ ტყეებში, ფაქტობრივად, იგივე ტერიტორია, 750 ჰექტარი ისე გაანადგურა, რომ დიდი ნაწილის ბუნებრივი აღდგენა შეუძლებელი იყო და ხელოვნური განაშენიანება გახდა საჭირო.
- რატომ გაჩნდა ხანძარი და თანაც, იმავე გადამწვარ ტერიტორიაზე?
- ამას ვერავინ გეტყვით. მსგავს უბედურებებს, ტყეებისთვის ცეცხლის წაკიდებას ხელაღებით ადამიანს ვერ დავაბრალებთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკით ხანძრების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 80%, სწორედ ადამიანის ხელით ჩნდება. თუმცა ამ ფაქტებზე, ასე ვთქვათ, ხელის დადებას აუცილებლად გამოძიება სჭირდება.
სამწუხაროდ, ზოგჯერ საგანგებოდ ვაჩენთ ხანძარს, ხანაც დაუდევრობით. ტყეში გულგრილად მიგდებული ლუდის ქილაც კი შეიძლება დიდ გვალვაში შუქამრეკლად გადაიქცეს, რომლის საშუალებითაც გამხმარ ბალახზე ცეცხლი გაჩნდება. ცეცხლი ჩნდება ბუნებრივადაც, სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენით. პირადად მქონია შემთხვევა, როდესაც ზაფხულის პაპანაქებაში ვნახე ცეცხლის თვითწარმოქმნა. ეს იყო თუშეთში, სადაც მოპირდაპირე ფერდობს დურბინდით გავცქეროდი და სადაც ადამიანის დატოვებული რაიმე მსგავსი, რასაც შეიძლებოდა ცეცხლი გაეჩინა, ვერ იქნებოდა. ამის მიუხედავად, დურბინდში უცებ შევნიშნე, როგორ აალდა ფერდობი. ჩვენ კი, რადგან იმ ადგილებში სატელეფონო კავშირი არ იყო, ცეცხლის შესახებ საგანგებო სამსახურსაც ვერ შევატყობინეთ. 3-4 საათში ჩამოვედით იმ ადგილამდე, საიდანაც საგანგებო სამსახურს დავუკავშირდით, მერე კი აღმოჩნდა, რომ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ცეცხლი იქ ბუნებრივად ჩამქრალა.
- ხანძრების შედეგად ხელოვნურად გამრავლებული ტყის ერთგვარ შეცვლაზე საუბრობთ, თუმცა ჩვენი ტყეები უამისოდაც იცვლება - კლიმატის გამო იცვლის ადგილმდებარეობასა და შემადგენლობას...
- თქვენ, ალბათ, გულისხმობთ იმ მოვლენას, როდესაც კლიმატური დათბობის გამო სიცივის მოყვარული მცენარეები იმ ზონაზე ბევრად მაღალ სიმაღლეზე მრავლდება, ვიდრე აქამდე იგულისხმებოდა მათი ბუნებრივი გავრცელების არეალად. დიახ, ნამდვილად ასეა - ზოგიერთი წიწვოვანი, რომელიც სიცივის მოყვარულია, ამ დრომდე ნამდვილად "არ ასულა" 2500 მეტრზე ზემოთ, მაგრამ ახლა 2700 მეტრზე "ადის" და თანაც მასობრივად. ჩვენს მთებში, რაჭაში, სვანეთში, თუშეთში, ნამდვილად ნახავთ წიწვოვანებს უკვე 2700 მეტრზე, რაც შესაძლოა, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ტყეები მრავლდება, მეორე მხრივ კი, ცუდია, რადგან ჩვენ ვკარგავთ უნიკალურ ალპურ მდელოებს თავიანთი განუმეორებელი ენდემებით. ასეა მთელ მსოფლიოში, სადაც ალპური მდელოების შევიწროებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს - ბალახისმჭამელი ცხოველების შემცირება, მათ შორის, გარეული ჯიხვისა და არჩვის, რომლებიც ჩვენთან მხოლოდ ბრაკონიერების გამო შემცირდა, ასევე შინაური ცხოველებისა. თუშეთში ცხვრის სიმცირე განაპირობებს იმას, რომ ცხვარი საძოვრებზე ვეღარ ანადგურებს იმ ხეების ჩანასახებს, რომლებიც იქ ფეხს იკიდებენ და ტყედ გადაიქცევიან.
- ანუ დედამიწა თავისი ბუნებითურთ ყველგან იცვლება. თუმცა, როგორც ვიცით, იგივე გზა, კლიმატური დათბობა, დაახლოებით XI-XII საუკუნეებში უკვე გაიარა დედამიწის ნაწილმა და მათ შორის საქართველომაც, სადაც ისე ცხელოდა, რომ მყინვარწვერზე თოვლი აღარ იდო.
- დიახ, ასე იყო, თუმცა მაშინ მსგავსი პროცესები დედამიწის კონკრეტულ ადგილებში მიმდინარეობდა: აზია-ევროპის ნაწილში. მაგალითად, როდესაც ვიკინგებმა დღეს ყინულის საფარში ჩაფლული გრენლანდია აღმოაჩინეს, მაშინ გრენლანდია სრულიად მწვანე იყო და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - კერძოდ, მაშინ მიმართულება შეიცვალა გოლფრისტიმის დინებამ. ახლა გლობალური დათბობის პროცესში მთელი დედამიწაა ჩართული, რომელიც, რა თქმა უნდა, გადარჩება, თუ ადამიანი ისწავლის ახალი კლიმატური პირობების გათვალისწინებას. მაგალითად, რომ ამ მოვლენის გამო ტყის ხანძრებმა მკვეთრად მოიმატა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამასთან საბრძოლველად. საქართველოში ამის მაგალითსაც გეტყვით: თუ 2009 წლის საქართველოს ტყის ხანძრების მონაცემებს შეადარებთ 2020 წლისას, როდესაც საქართველოში ხანძრების მეთოდოლოგია შემუშავდა, აღმოჩნდება, რომ 2020 წელს 100-მდე ანუ ათჯერ მეტი მცირე ხანძარი გაჩნდა 2009 წელთან შედარებით, როდესაც დაახლოებით 10 ხანძარი გვქონდა.
- ნუთუ არ შეიძლება ჩვენს ტყეებში დამონტაჟდეს ციფრული მოწყობილობები, რომლებიც ხანძრის საშიშროებაზე ინფორმაციას მომენტალურად გადასცემს?
- ასეთი მოწყობილობები არსებობს და დამონტაჟებაც შეიძლება, მაგრამ იმდენად ძვირია, მეეჭვება ეს შევძლოთ. გვინდოდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში დამონტაჟება, მაგრამ მხოლოდ ერთი კამარის დამონტაჟება 50.000 ლარს საჭიროებდა.
2022 წელს ბორჯომში ხანძარი თავდაპირველად მხოლოდ 100 კვმ-ზე იყო და იმ დონემდე ვერ მოხერხდა ოპერატიული რეაგირება, სანამ 250 ჰექტარი ფართობი არ დაიწვა. როდესაც მიუვალი რელიეფია და საგანგებო სამსახური მომზადებული არ არის ასეთ რელიეფზე ხანძართან ბრძოლისთვის, მან რა უნდა აკეთოს?! ძალიან ძლიერი მეხანძრეები გვყავს, მაგრამ მხოლოდ მათ ძლიერებაზე ან მოხალისე მაშველებზე არ არის დამოკიდებული ხანძრების ოპერატიულად შეჩერება. თქვენ წარმოიდგინეთ, არც მხოლოდ იმაზე, რომ ვერტმფრენები გვჭირდება. თუ ხანძარი გაჩნდა სვანეთის ტყეებში და მის ჩაქრობას დასჭირდა დიდი რაოდენობით წყალი, საიდან უნდა აიღოს წყალი ვერტმფრენმა, ის ხომ ვიწრო ხეობაში ვერ ჩაფრინდება ამისთვის? წყლისთვის უნდა ჩავიდეს რიონზე და ამასობაში შესაძლოა მასშტაბური ფართობებიც დაიწვას. ასე რომ, კლიმატის გამო გახშირებულ ტყის ხანძრებთან ბრძოლა მოითხოვს კომპლექსურ მომზადებას. პირველ რიგში ჩვენს ტყეებში სრულად უნდა აღირიცხოს ის ადგილები, რომლებიც ხანძრების მაღალი რისკების შემცველია; ასევე ცეცხლის შედარებით ადვილად გაჩენის საფრთხის მონაკვეთები ტყეებში. მაგალითად, წიწვოვანებს უფრო ადვილად უჩნდება ცეცხლი, ვიდრე ფოთლოვანებს, ასევე ადვილად ცეცხლმოსადებია სამხრეთისა და ძალიან დახრილი ფერდობები. ამიტომაც ასეთ ადგილებში დროზე უნდა იქნეს გზები გაყვანილი, რომელზეც ანტისახანძრო ტექნიკა იმოძრავებს, ხანძრის დროს კი არ უნდა დაიწყოს გზის გაყვანა, გზის გაყვანაში ასეულობით ჰექტარს დაკარგავ. უნდა ჩატარდეს ხშირი სპეციალური მომზადება, წვრთნები მეხანძრეებისა და პილოტებისთვის არა 2-3 წელიწადში ერთხელ.
ჩვენთან უკვე სამჯერ ჩამოვარდა ვერტმფრენი ცეცხლის ჩაქრობისას. ამიტომ ისმის კითხვა, - ვთქვათ, გვყავს ვერტმფრენები, მაგრამ, თუკი პილოტები არა გვყავს სათანადოდ მოზადებული, მაშინ ხომ შეიძლება იგივე ტრაგედია დატრიალდეს?!
სულ გვაფრთხილებენ უცხოელი კოლეგები, რომ შესაძლოა იგივე მოვლენები, რაც ევროპაშია კლიმატის გამო, დაახლოებით 10 წლის შემდეგ ჩვენთანაც შეიძლება დაიწყოს, და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ ვამბობ, რომ ტემპერატურა ჩვენთანაც აუცილებლად ამდენად აიწევს, მაგრამ ექსტრემალური მომენტებისათვის გონიერი ადამიანი მზად უნდა იყოს.