Numbeo-ს 2025 წლის ჯანდაცვის ინდექსის თანახმად, საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. კონკრეტულად, რეგიონში საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს, თურქეთი, სომხეთი და რუსეთი კი ჩვენზე წინ არიან.
„კომერსანტის“ ეთერში საუბრისას, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, ვატო სურგულაძე, საქართველოს ყველაზე დიდ პრობლემად სექტორთან მიმართებაში სისტემური მიდგომის არარსებობას ასახელებს.
„რაღაც პრობლემებს ვითომ გადაჭრიან, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სისტემური მიდგომა არ გვაქვს. როცა ჯანდაცვის სისტემასა და მის წარმატებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვა, ანუ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რომელიც უბრალოდ, არ არსებობს, სრულად წაშლილია როგორც ქალაქში, ისე - სოფლად. დაწყებული წინა მთავრობიდან, 3-4 პროგრამა ჰქონდათ, თუმცა, ვერც ერთი ვერ ან არ დაიწყეს. თუ არ იქნება პირველადი ჯანდაცვა, რაც ყველა რეფორმის საფუძველია, როგორი დონის დანადგარებიც არ უნდა ჩამოვიტანოთ, ხარისხიან მომსახურებას ვერ მივიღებთ.
კოვიდის დროს 17 ათასი ადამიანი რომ გარდაგვეცვალა, როცა კლინიკებში ყველაფერი ჰქონდათ - მედიკამენტებიც, ჟანგბადიც, გვიან მიდიოდა პაციენტი იმიტომ, რომ ოჯახის ინსტიტუტი არ მუშაობს“, - ამბობს ვატო სურგულაძე.