"ქვემო ქართლში, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი საქმიანობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ეკონომიკური პროექტის ფარგლებს და გადაიქცა სერიოზულ ეკოლოგიურ, კულტურულ, ისტორიულ და დემოგრაფიულ გამოწვევად საქართველოსთვის. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ექსპლუატაცია ხშირ შემთხვევაში ხორციელდება გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოების გრძელვადიანი ინტერესების უგულებელყოფის ფონზე," - ამის შესახებ ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

საუბარია არა მხოლოდ ცალკეული ლანდშაფტების დაზიანებაზე, არამედ მთელი ისტორიულ-ცივილიზაციური სივრცის დეგრადაციაზე.

ეპისკოპოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"არაერთხელ მოვითხოვე ყურადღება ბოლნისსა და დმანისში მიმდინარე ეკოლოგიური და კულტურული განადგურების პროცესებთან დაკავშირებით როგორც საჯარო სივრცეში, ისე კერძო საუბრებში, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. დღეს ამ საკითხზე მომზადებულმა სატელევიზიო სიუჟეტმა და ეთერმა ( TV. ფორმულა) არსებული საფრთხის მასშტაბი კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა. ქვემო ქართლში, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი საქმიანობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ეკონომიკური პროექტის ფარგლებს და გადაიქცა სერიოზულ ეკოლოგიურ, კულტურულ, ისტორიულ და დემოგრაფიულ გამოწვევად საქართველოსთვის. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ექსპლუატაცია ხშირ შემთხვევაში ხორციელდება გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოების გრძელვადიანი ინტერესების უგულებელყოფის ფონზე.საუბარია არა მხოლოდ ცალკეული ლანდშაფტების დაზიანებაზე, არამედ მთელი ისტორიულ-ცივილიზაციური სივრცის დეგრადაციაზე. ქვემო ქართლი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და კულტურულ არეალს, სადაც თავმოყრილია კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციური კვალი- დმანისის პალეოანთროპოლოგიური ძეგლებიდან დაწყებული, საყდრისის უნიკალური პრეისტორიული ოქროს საბადოს ჩათვლით, რომელიც მრავალი მეცნიერის შეფასებით მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ოქროს მომპოვებელ ცენტრს წარმოადგენდა. საყდრისის აფეთქებამ და განადგურებამ განსაკუთრებული სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ არქეოლოგიურ ობიექტს, არამედ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების ნაწილს. საერთაშორისო და ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია უნიკალურ სამეცნიერო და კულტურულ მნიშვნელობას ატარებდა. ამასთანავე, არაერთი გარემოსდაცვითი და უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, სამთო საქმიანობას უკავშირდება მძიმე ეკოლოგიური რისკები -ნიადაგის დეგრადაცია, ტყის საფარის განადგურება, მდინარეებისა და წყლის სისტემების დაბინძურება, ჰაერში მძიმე მეტალებისა და მტვრის გავრცელება, ეკოსისტემების მოშლა და ბიომრავალფეროვნების შემცირება. სხვადასხვა კვლევასა და ანგარიშში საუბარია მძიმე მეტალებით დაბინძურებაზე, რაც შესაძლოა პირდაპირ აისახოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე- ონკოლოგიური, რესპირატორული, ნევროლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადებების ზრდის რისკით. განსაკუთრებით საგანგაშოა ხრამის ხეობისა და მიმდებარე ეკოლოგიური ზონების დაზიანება, სადაც აფეთქებითი სამუშაოები, ტყის მასივების განადგურება და კლდოვანი სისტემების დაშლა არა მხოლოდ ცვლის ბუნებრივ გარემოს, არამედ შეუქცევად ზიანს აყენებს რეგიონულ ეკოლოგიურ ბალანსს. ეკოსისტემური დეგრადაციის პირობებში იზრდება წყლის რესურსების დაბინძურების, სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანებისა და მოსახლეობის იძულებითი მიგრაციის საფრთხე, რაც საბოლოოდ დემოგრაფიულ კრიზისშიც შეიძლება გადაიზარდოს.პრობლემა მხოლოდ ლოკალური გარემოსდაცვითი საკითხი აღარ არის. იგი უკვე ეხება ეროვნული უსაფრთხოების, კულტურული მეხსიერების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ცივილიზაციური თვითმყოფადობის საკითხებს. როდესაც ეკონომიკური სარგებელი უპირისპირდება ბუნებრივ გარემოს, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ადამიანის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას არა მხოლოდ კერძო ეკონომიკური ინტერესი, არამედ მომავალი თაობების სიცოცხლის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების უფლება.ამ კონტექსტში განსაკუთრებით მძიმეა საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნების, სპეციალისტთა გაფრთხილებებისა და საჯარო პროტესტის უგულებელყოფა. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობის საკითხები ვერ უნდა წყდებოდეს მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპით, რადგან არსებობს ღირებულებები, რომელთა დაკარგვა შეუქცევადია- ბუნება, ისტორიული მეხსიერება, კულტურული მემკვიდრეობა და ადამიანის სიცოცხლის ხარისხი.შესაძლოა, დროებით შესაძლებელი იყოს ბუნებრივი რესურსების მოპოვებით ეკონომიკური სარგებლის მიღება, მაგრამ განადგურებული ეკოსისტემები, დაბინძურებული წყალი, მოწამლული ჰაერი, დაკარგული ტყეები, დაზიანებული ჯანმრთელობა და აფეთქებული ცივილიზაციური მემკვიდრეობა მომავალ თაობებს ბევრად უფრო მძიმე ფასის გადახდას აიძულებს.განსაკუთრებულ საზოგადოებრივ, ეროვნულ და ეთიკურ კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ საქართველოს ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრის ინტენსიური ექსპლუატაციიდან მიღებული ძირითადი ეკონომიკური სარგებელი, სხვადასხვა საჯარო მონაცემისა და მფლობელური სტრუქტურების მიხედვით, უცხოურ ბიზნესინტერესებთან არის დაკავშირებული, ხოლო მოპოვებული რესურსებისა და ძვირფასი ლითონების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმე და უსამართლოდ აღსაქმელია ის რეალობა, რომ ფინანსური მოგების ძირითადი ნაწილი უცხოურ კაპიტალსა და კომპანიებთან კონცენტრირდება, მაშინ როდესაც ეკოლოგიური განადგურების, კულტურული დანაკარგის, ჯანმრთელობის რისკებისა და დემოგრაფიული შედეგების ტვირთი ადგილობრივ მოსახლეობასა და მომავალ თაობებს რჩებათ.როდესაც ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ექსპლუატაცია მიმდინარეობს ეკოლოგიური, კულტურული და სამართლებრივი სტანდარტების დარღვევის ფონზე, ხოლო ზიანდება უნიკალური ისტორიულ-ცივილიზაციური და ბუნებრივი სივრცეები, ნადგურდება ტყეები, ბიომრავალფეროვნება, მდინარეთა და ხეობათა ეკოსისტემები, იწამლება ჰაერი და წყალი, საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და ისტორიულ მეხსიერებას, საქმე აღარ ეხება მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას- ეს უკვე ეკოლოგიური, კულტურული და დემოგრაფიული კატასტროფის ნიშნებს ატარებს, რომლის შედეგებიც მომავალ თაობებს მძიმე რეალობად და მემკვიდრეობად დარჩებათ," - წერს ზენონ იარაჯული.