ნაფეტვრებში, გიორგი დანელიას ქუჩაზე ადგილობრივები მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ქაოტური და საფრთხის შემცველი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობის თქმით, ელიტური კორპუსების მშენებლობის პროცესში კლდის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მიმდებარე საცხოვრებელ სახლებს პირდაპირი საფრთხე შეექმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონად ითვლება და მძიმე ტექნიკის მუშაობა დამატებით რისკებს აჩენს.

მათი ინფორმაციით, მასშტაბურ პროექტს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ კოტე გოგელიას დისშვილი უკავშირდება. მოსახლეობა ეჭვობს, რომ გავლენიანი მფარველების გამო მშენებლობა შესაძლოა უახლოეს დღეებში კვლავ განახლდეს, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა და ოფიციალური დოკუმენტაციისა.

ადგილობრივები შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სამუშაოების გაგრძელებას არ დაუშვებენ.

"ჩვენ, ფაქტობრივად, აქ უკვე ვეღარ ვცხოვრობთ, ბავშვები გადაყვანილი გვყავს, გავიხიზნეთ საკუთარი სახლებიდან. გუშინ იმხელა კლდის მასივი ჩამოინგრა ღამის ათ საათზე, ყველა გამოვარდნენ სახლებიდან და დატოვეს, წვიმაში და უბედურებაში გარეთ იდგნენ, სანამ რაღაცა გაირკვეოდა. იმედი გვქონდა, რომ კომპანიის წამომადგენელი მოვიდოდა ან რაღაცა ალტერნატიულს შემოგვთავაზებდა, ადამიანურ დონეზე რომ დაგვაკმაყოფილონ", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. 

tvpirveli.ge