საქართველოში მზარდი ფასებისა და გაძვირებული პროდუქტების ფონზე მოქალაქეების უკმაყოფილება მატულობს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები კრიტიკულად გაიზარდა და ოჯახებისთვის ელემენტარული საკვების შეძენაც კი რთული გახდა.

ბაზარში მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბოლო თვეებში პრაქტიკულად ყველა პროდუქტზე ფასი გაიზარდა — მათ შორის ხორცზე, ბოსტნეულსა და ხილზე. მათი თქმით, შემოსავლები უცვლელი დარჩა, მაშინ როდესაც ყოველდღიური ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოქალაქეები ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გაზრდილი ფასების პირობებში ცხოვრება უკვე „გადარჩენის რეჟიმად“ იქცა.

"გაბრაზებულები ვართ ამ მთავრობაზე, რაებს აკეთებს?! ამათ "ნალოგებს" უმატებს, ისინი კიდევ ძვირად გვყიდიან, ესენი არფაერ შუაში არ არიან... ყველაფერს მივხვდით, ვიცით, რასაც აკეთებენ. ეს კობახიძე ვინ მოგვიყვანეს, ფოკუსებს ატარებს. ჯერ გააძვირა, მერე ახლა დადგა და ვითომ მუშაობს იმაზე, რომ უნდა დააკლოს ფასები. ეს არის თვალთმაქცობა და მეტი არაფერი. პენსიაზე კიდევ 20 ლარი მოგვიგდო პენსიონერებს, თვითონ კიდევ ათასები დაიმატა და ჩვენ 20 ლარი მოგვიგდო და სირცხვილი არ არის? მე ვისესხე და ისე გამოვედი პენსიის მერე, ვერაფერიც ვერ მოვახერხე. ისეთი უკმაყოფილები ვართ, რომ მზად ვართ, დღესვე... მაგრამ რა გააკეთა? მოიგონა მიტინგებზე, რომ გამოხვალთ, დაგაპატიმრებთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ... რას გვემუქრება? მაგის ვალი გვაქვს?!" - ამბობს მოქალაქე.

"ერთი საათია დავდივარ, ვეძებ იქნებ ცოტა დაბალ ფასში ვნახო სადმე, მაგრამ ვერსად ვერაფერი. წრეები გავაკეთე და დავიღალე, საშინელი ფასებია. არ ვიცი, როგორ უნდა ვიარსებოთ. აი, გაჭირვებით გავდივართ. გლდანიდან გამოვედი ნავთლუღის ბაზარში, უფორ იაფაიაო და რა იაფია? იგივე ფასებია?" - ამბობს მოქალაქე. 

tvpirveli.ge