საგზაო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და არაერთ გამოწვევაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.
როგორც ეკა ლალიაშვილი ამბობს, მართვის მოწმობის გამოცდების გართულებამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა, მდგომარეობის გამოსწორებისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, საჭიროა ავტოსკოლების ლიცენზირებაც.
„ვიცით, რომ მართვის მოწმობის გამოცდები გართულდა, რაც ძალიან კარგი ნაბიჯი იყო სახელმწიფოს მხრიდან და კარგი შედეგებიც მოჰყვა. მეორე საკითხია ავტოსკოლები, რომლებიც თეორიულ ნაწილს მომავალ მძღოლებს ხრიკების მეშვეობით ასწავლიან. ცნობილია, რომ არა თუ ცოდნას აძლევენ, არამედ ასწავლიან იმას, როგორ ჩააბარონ გამოცდა კონკრეტული მინიშნებებით. ეს არის სისტემის ერთ-ერთი ჩავარდნილი ნაწილი, რომელიც უნდა ამოიწიოს და უნდა მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ავტოსკოლა მძღოლს ხრიკებს კი არ ასწავლის, არამედ ცოდნას აძლევს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ცნობიერებას უმაღლებს“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.