სათხილამურო სეზონის წინ გუდაურში არსებულ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე ტურისტული კომპანიები კვლავ საუბრობენ. ამჯერად აღნიშნულ საკითხზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ ისაუბრა.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ცოტნე ჯაფარიძე უხარისხო გზებს ასახელებს. გარდა ამისა, ძალიან დიდი გამოწვევაა კურორტისთვის საცობები, საპირფარეშოების არარსებობა, გაუმართავი საბაგიროები.
„კანადურმა კომპანიამ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სამთო-სათხილამურო კურორტების დაგეგმარებაში, დადო წლების წინ გუდაურის განვითარების გეგმა, რომელშიც პარკინგებიც შედიოდა. ადგნენ და ამ ადგილებზე კორპუსები ჩადგეს. ასევე, არ არსებობს კურორტზე საპირფარეშოები, უნდა მიხვიდე და ეხვეწო კაფეებს და ბარებს, საპირფარეშოში შეგიშვან.
არ არსებობს აბონემენტების სისტემა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც სრიალს შეღავათით შეძლებდნენ. ყოველთვის პრობლემა იყო შიდა გზები. რაც იგება ასფალტი, ზამთარი დამთავრებული არ არის, უზარმაზარი ორმოები ჩნდება ხოლმე.
ყველა სეზონის დასაწყისში ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, მაგრამ გაუმჯობესება კი არა, პირიქით, უკან მივდივართ“, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.