გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას - დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.

„აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ.  ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც.ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო,"- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.

„ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად  მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.

პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

ასეთი პროექტებით ვქმნით შესაძლებლობას, მთის მოსახლეობამ შეინარჩუნოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, გაძლიერდნენ ადგილობრივი თემები და,  ამგვარად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ამ უნიკალური სოფლების სახით.

აღსანიშნავია, რომ ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენი ხელისუფლების მიზნის - ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების  დასტურია,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში.

„მადლობას ვუხდი გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში ჩართულ ინჟინრებს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ჩვენს პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია პროექტის განხორციელებაში.  ასევე მადლობა ვუხდი ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინურ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. ასევე ჩვენს თურქ მეგობრებს, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებდნენ პროექტის შესრულებაზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, არც ვიცოდი, რომ ამდენი რამის ერთად მოსწრება შეიძლება, თუმცა ამას ბატონი ირაკლი ახერხებს ძალიან დიდი წარმატებით, მადლობა მას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მთლიანად სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა და მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეშეთი-კობის პროექტის პირველ წარმატებას. ეს ნამდვილად მომავლის პროექტია, თამამად შეიძლება ითქვას. სწორედ ასეთი, განვითარებისკენ მიმართული ინვესტიციები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. პარალელურად, გრძელდება საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გვირაბის მშენებლობის ნაწილში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება  1.2 მილიარდი ლარია.