ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონსულტანტებს იწვევს. გარკვეულ სფეროებში სპეციალისტების მიერ ინტერესების გამოსახატად დეპარტამენტმა განცხადებები უკვე გამოაქვეყნა – განსახლების გარე მონიტორინგის, გარემოს დაცვისა და პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტების მომსახურებაზე.
უშუალოდ ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი, წინადადებების წარდგენის ვადა არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამჯერად იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად:
- განსახლების გარე მონიტორინგის ადგილობრივი კონსულტანტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 2 წელი. საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი კი 18 ათასი აშშ დოლარია.
განსახლების გარე მონიტორინგის ადგილობრივ კონსულტანტს ევალება მონიტორინგი განახორციელოს მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შიდა მონიტორინგის პარალელურად. გარე მონიტორინგის მთავარი მიზანია პროცესების შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი კორექტირების ზომების შეთავაზება. დავალება ასევე მოიცავს ადგილმდებარეობის პირობების ანალიზს, კომპენსაციის გაცემას და საჩივრების განხილვის პროცედურებს.
კონსულტანტმა უნდა გადახედოს კომპენსაციის ანგარიშებს და დაადასტუროს, რომ კომპენსაცია გაცემულია ყველა ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის და ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა კონტრაქტებში განსაზღვრული ოდენობით; გადახედოს და შეაფასოს ამ პირებისთვის გაცემული კომპენსაციის ადეკვატურობა, ასევე მათი საარსებო წყაროს შესაძლებლობები, შემოსავლები და ცხოვრების ხარისხი;
შეაფასოს ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებთან, განსაკუთრებით დაუცველ პირებთან, კონსულტაციის პროცესის ადეკვატურობა და ეფექტურობა, მათ შორის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისთვის ხელმისაწვდომი საჩივრების პროცედურებისა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების ადეკვატურობა და ეფექტურობა, ასევე ამ ინფორმაციის გავრცელება და სხვა.
- გარემოს დაცვის ადგილობრივი სპეციალისტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი, ხოლო საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი 143 ათასი აშშ დოლარია.
ამ კუთხით კონსულტანტს ევალება თვალყური ადევნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიშების დროულ მიღებას სამშენებლო ზედამხედველობის საკონსულტაციო ფირმისგან, შეაფასოს ეს ანგარიშები და საჭიროებისამებრ გასცეს რეკომენდაციები მათი გაუმჯობესებისთვის; თვალყური ადევნოს დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას და დადგენილი კორექტირების ზომების გამოყენებას.
მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი დამატებითი გარემოსდაცვითი კვლევის ჩატარებაში, ადგილმდებარეობის გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავებაში და სხვა.
- პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი. საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი კი ამ შემთხვევაში 178 ათასი აშშ დოლარია.
კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება უცხოური პროექტების/საერთაშორისო შესყიდვების განყოფილების დახმარებაზე საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, კონტრაქტების მართვაში, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში და პროექტის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებში.
კერძოდ, კონსულტანტმა რეგულარულად უნდა შეაგროვოს ზედამხედველობის ინჟინრის მიერ წარდგენილი ანგარიშები და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაცია; შეგროვებული ინფორმაციის [ინჟინრის, ზედამხედველობის ინჟინრის და კონტრაქტორის] შეჯამება და ანალიზი დამსაქმებლის მიერ განსახილველად…
მასვე ევალება კონტრაქტში ცვლილებების მომზადება; დახმარება კონტრაქტებთან და შესყიდვებთან დაკავშირებული პრეტენზიების, სატენდერო წინადადებების გასაჩივრებისა და სასამართლო დავების განხილვაში. ასევე მას ექნება გარკვეული მოვალეობები პროექტის ფარგლებში უშუალოდ შესყიდვებთან დაკავშირებით, ანგარიშების წარდგენის და სხვა.
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. ამავე სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით კი, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, მათ შორის 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.
სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა.