თელავში, ნადიკვრის პარკში, მხოლოდ ივლისში უკვე სამი კონცერტი ჩატარდა - 10, 17 და 19 ივლისს. ჯამში კონცერტებში მონაწილეობისთვის მუსიკოსებს 21 992 ლარი გადაუხადეს.
მუსიკოსთა მომსახურების მისაღებად „ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა“ ივლისში 5 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.
აქედან, 10 ივლისს ოთარ ბაზერაშვილის მიერ გამართული კონცერტი ბიუჯეტს 1 915 ლარი დაუჯდა. ამავე დღეს 3 827 ლარი გადაუხადეს ელგუჯა მრელაშვილს.
მოგვიანებით, 17 ივლისს კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ამ შემთხვევაში ცენტრმა დავით ბრეგვაძის კონცერტში ბიუჯეტიდან 3 500 ლარი გადაიხადა.
19 ივლისს ნადიკვრის პარკში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ამ კონცერტზე მომღერალთა მომსახურებაზე 12 750 ლარი დაიხარჯა. აქედან 7 650 ლარი გადაუხადეს გიორგი პავლიაშვილს („მასტერი“), 5 100 ლარი კი დაიხარჯა ჯგუფ „სექტორადას“ მომსახურებაზე.
ცენტრი გამარტივებული მეთოდით მომსახურების მიღებას ხსნის შემდეგნაირად: „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია თელავში კულტურის ღონისძიების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის ჩატარების აუცილებლოbiT."
22 ივლისს დაბა აბასთუმანში ტურისტული სეზონი გაიხსნება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ადგილზე დაგეგმილია მუსიკალური ღონისძიება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია მომღერალ მარიამ (მაკა) ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვას ითხოვს.
მერია გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას ხსნის შემდეგნაირად: „ადგილობრივი მოსახლეობის და ჩამოსული სტუმრების ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა აღნიშნული მომღერლების რეპერტუარი“.
ამასთანავე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია შესყიდვაში უთითებს, რომ არ არსებობს ქვეყანაში პირი, რომელიც იგივე მომსახურებას გაწევს.
ჯამში მერია ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, რასაც ზამბახიძე და დურგლიშვილი თანაბრად გაიყოფენ. შესყიდვა განხილვის ეტაპზეა.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დუეტი „ჯორჯიას“ კონცერტი აბასთუმანში 15 ივლისსაც გაიმართა. ამ შემთხვევაშიც მერიამ გამარტივებული წესით შეისყიდა მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც 20 000 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. საერთო ჯამში გამოდის, რომ მერია დუეტი „ჯორჯიას“ ორ კონცერტში 40 000 ლარს გადაუხდის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის მომსახურების შესყიდვა იგეგმება.
ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. მოთხოვნა ამჟამად განხილვის ეტაპზეა.
„ღონისძიებას დაესწრებიან წყალტუბოში და სხვა მუნიციპალიტეტებში (ქუთაისი, ხონი, სამტრედია და სხვა) მცხოვრები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, Goofy Land-ის ჯგუფის მონაწილეობა ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი და საინტერესო ღონისძიების მისაღებად და მოსახლეობის/ახალგაზრდების ჩართულობის ასამაღლებლად.
ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა მიმწოდებელი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს/მოგვაწოდოს იგივე მომსახურება“, - ხსნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას.
დოკუმენტების მიხედვით, Goofy Land-ის მომსახურების შესასყიდად 27 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.