მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი, ძირითადად, საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი იყო, რაც გლობალურად ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახა.

მაისში ყველაზე მაღალი, 2.49%-იანი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ, შესაბამისად, 1.99% და 1.29% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის მომგებიანობა დადებითია:

დინამიკური - 8.99%
დაბალანსებული - 7.45%
კონსერვატიული - 5.91%

დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.51%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.90% და 10.40%-ია.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ინფორმაციას საპენსიო ფონდი აქვეყნებს.