იმისთვის, რომ ტრანზაქციები იყოს მზარდი, უფრო კომფორტული და სწრაფი, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დავნერგეთ, მათ შორის ინერგება მყისიერი გადახდების სისტემაც, რაც გადარიცხვების ფასს გააიაფებს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის მალხაზ თორიას კითხვის პასუხად, რომელმაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა, რა მოხდება, თუ რეგიონული პოლიტიკური ვითარება შეიცვლება და ეს ფულადი ნაკადები შეწყდება, თურნავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტრანზაქციების შეწყვეტის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფრთხეს იმისა, რომ საერთაშორისო ტრანზაქციები შეწყდეს. ჩვენ გვაქვს ასეთი ბიზნესმოდელი, რომ ღია ვართ ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისთვის. იზრდება ინვესტიციები, იზრდება სხვა ტიპის შემოდინებები. სხვათა შორის, ამიტომაც გვაქვს საშუალება რეზერვები გავზარდოთ, სავალუტო შემოდინებები მხოლოდ და მხოლოდ მზარდია მიუხედავად ყველა შოკისა. ჩვენ მაქსიმალურად ვაუმჯობესებთ შიდა საგადახდო ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ტრანზაქციები იყოს არა მხოლოდ მზარდი, არამედ უფრო კომფორტული, უფრო სწრაფი. ამისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დავნერგეთ და ასევე, მყისიერი გადახდების სისტემაც ინერგება, რაც მათ შორის გადარიცხვების ფასებზეც იმოქმედებს, იმ თვალსაზრისით, რომ გააიაფებს, ეს არის ჩვენი მოლოდინი. აქედან გამომდინარე აქ რისკებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მალხაზ თორიამ თურნავას კითხვით მიმართა ეკონომიკური ზრდა რეალურია თუ დროებითი და იმ შემთხვევაში, თუ რეგიონული პოლიტიკური ვითარება შეიცვლება და ფულადი ნაკადები შეწყდება, აქვს თუ არა ქვეყანას რეალური, მდგრადი ეკონომიკური საფუძველი.

www.interpressnews.ge