საპენსიო აქტივების მოცულობამ მაისის თვის მდგომარეობით ₾9.4 მლრდ-ს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა მოგებამ ₾2.7 მლრდ შეადგინა. საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებლის, ანა ნაჭყებიას შეფასებით, აღნიშნულ ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის ზრდა, რაც საპენსიო შენატანებზე პირდაპირ აისახება და ინვესტიციებიდან მიღებული მაღალი შემოსავალი.
როგორც ანა ნაჭყებია გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, მომგებიანობის თვალსაზრისით, წლის პირველი ხუთი თვე საპენსიო ფონდისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
"მომგებიანობის თვალსაზრისით, წლის პირველი ხუთი თვე საპენსიო ფონდისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტურბულენტობა ვნახეთ, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ სცენაზე.
ჩვენ სამ განსხვავებული ტიპის პორტფელს ვმართავთ: კონსერვატიულს, დაბალანსებულსა და დინამიკურს, რომლებიც აქტივებს განსხვავებული პროპორციით მოიცავს და შესაბამისად, სხვადასხვა მომგებიანობას აჩვენებს. 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, დინამიკურმა პორტფელმა, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთის აქციების ბაზარზეა ინვესტირებული, დაახლოებით 9%-იანი მომგებიანობა აჩვენა. იმავე პერიოდში, კონსერვატიულ პორტფელს, რომელიც მეტწილად საქართველოშია განთავსებული მომგებიანობა 5.9%-ი ჰქონდა. პორტფელებს შორის არსებული სხვაობა, ძირითადად, გლობალური აქციების ბაზრის შედეგებმა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ირანში მიმდინარე ომმა აქციების ფასებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, მარტში მნიშვნელოვანი კორექცია ვიხილეთ, მიმდინარე წელი აქციების ბაზრისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.
საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ხელოვნური ინტელექტის გავლენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ AI (ხელოვნური ინტელექტი) ბოლო სამი წლის განმავლობაში აქციების ბაზრის მთავარი თემა იყო.
"აღნიშნულმა ტენდენციამ გავლენა ყველა რეგიონზე მოახდინა — არა მარტო აშშ-ზე, არამედ ევროპაზე, აზიასა და განვითარებად ქვეყნებზეც. ინვესტორები აქტიურად არიან ჩართული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოქმედი კომპანიების ღირებულების ზრდის პროცესში. ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტი გრძელვადიანია — 10-15 წელი, რადგან ჩვენი მონაწილეების უმრავლესობა ახალგაზრდაა და საპენსიო ასაკამდე ჯერ კიდევ დიდი დრო აქვთ. შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელებისას პორტფელის შემადგენლობას სწორედ გრძელვადიანი პერსპექტივიდან ვაფასებთ. აქციების ბაზარი დანაზოგების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რადგან ის პირდაპირ ასახავს კომპანიების მომგებიანობას. ამ ეტაპზე ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თემატიკაა. ზოგადად, ჩვენს პორტფელში დაახლოებით 9 000 კომპანიაა წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გლობალური ტენდენცია, რომელიც ბაზარზე იქნება, ჩვენს მომგებიანობაზე პირდაპირ აისახება", - აღნიშნავს ანა ნაჭყებია.
ცნობისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდი უკვე 7 წელზე მეტია ფუნქციონირებს, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემა 7 წელია მოქმედებს.