ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი მედიკამენტების რეფერენტული ფასწარმოქმნის პროექტის ფარგლებში იმპორტიორი ქვეყნების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, ფასების პერიოდული ცვლილების ვალდებულების გარდა, აუცილებელია სახელმწიფომ რეფერენტული ქვეყნების ჩამონათვალსაც გადახედოს. ამის შესახებ ილონა კოკიაშვილმა “საქმის კურსთან” ისაუბრა.
რეფერენტული საბითუმო ფასის დათვლის მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 27 ნოემბერს ამოქმედდა. მიღმა ამისა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით 29 ნოემბერს განახლდა ფასების კატალოგი, სადაც მედიკამენტების ფასები დაკორექტირდა.
ილონა კოკიაშვილის ინფორმაციით, რეგულაციის შემოღების შემდეგ 4 ისეთი ქვეყანა შეირჩა, საიდანაც 2 ქვეყანა იმპორტში საერთოდ არ მონაწილეობს. მისი თქმით, რეფერენტული ქვეყნების გადახედვაზე ასოციაცია სამინისტროსთან მსჯელობს.
“როდესაც რეფერენტული ქვეყნების შერჩევა მოხდა, ოთხი ქვეყნიდან ორი საერთოდ იმპორტის ნაწილში არ მონაწილეობს. ანუ აქ უკვე ლეგიტიმურია ის არგუმენტი, რომ გადაიხედოს რეფერენტული ქვეყნები, ხომ არ შევარჩიოთ და ხომ არ ჩავანაცვლოთ იმ ქვეყნებით, რომელიც მაგალითად იმპორტში მეტი წილით მონაწილეობენ.
წამოვიღოთ ისეთი ბაზრებიდან ეს რეფერენტული ფასები, რომელიც ქვეყნის იმპორტში მონაწილეობს. ანუ ამოვიღოთ ისეთი ორი ქვეყანა, რომელიც მართლა არ მონაწილეობს და იქიდან წამოღებული ფასი ჩვენთვის არალეგიტიმურია და არანაირად არ ახდენს გავლენას ჩვენს საფასო განაკვეთებზე. ასევე უნდა იყოს ხშირად გათვალისწინებული ვალუტის კურსის ცვლილებაც. აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს თუნდაც განახლების პერიოდს. აი, ჩვენ ხომ გვაქვს ნოემბერში ფასების განახლების პერიოდი, ეს უნდა ემთხვეოდეს რეფერენტულ ქვეყნებში ფასების განახლებას და ამის შემდეგ ჩვენთანაც ფასების ცვლილება უნდა ხდებოდეს”, - აცხადებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ილონა კოკიაშვილი.
ცნობისთვის, ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.