“ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით - 75 ხმით (1 - წინააღმდეგი) დაამტკიცა.
მიღებული კანონის პროექტის თანახმად, “მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია იცვლება და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი “სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - “ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.
კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება. ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს.
გარდა ამისა, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო, გარდა “ბუნებრივი ღვინისა“, სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება.
საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.