საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა. ფარვიზ შაჰბაზოვი დელეგაციასთან ერთად "მწვანე ენერგეტიკული კაბელის" მინისტერიალის ფარგლებში, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. მხარეებმა ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის, განიხილეს სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპის ქსელთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული კაბელის ფლაგმანი პროექტის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო და ორმხრივი ვაჭრობის შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ორი მეგობარი ქვეყანა აქტიურად აგრძელებს პარტნიორობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების საერთო მიზნების მისაღწევად.
საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ჰიდრორესურსების განვითარებას, აგრეთვე ნავთობისა და გაზის სექტორებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები საშუალებას იძლევა, გაფართოვდეს თანამშრომლობა როგორც ჰიდროპროექტების განხორციელების, ასევე მზის, ქარის, და სხვა არატრადიციული განახლებადი ენერგიების სფეროებში. ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფარვიზ შაჰბაზოვთან გამართულ შეხვედრას მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და „ესკოს“ გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს