13-15 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება და, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 20-მდე ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) წარმომადგენლები ეწვევიან.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე.

ღონისძიებას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე და UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის ხელმძღვანელი ტერესა მორეირა.

გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღებენ - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკატერინე წერეთელი და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე.

მთავარი მომხსენებლის რანგში, მონაწილეების წინაშე წარდგებიან UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ტერესა მორეირა და OECD-ის სამომხმარებლო პოლიტიკის ქვედანაყოფის უფროსი ბრიჯიტ აკოკა.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, 10 პანელური დისკუსია, მათ შორის 3 - საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა სექტორულ ჭრილში - შედეგები, მიღწევები და გამოწვევები; კონკურენციის დაცვის პოლიტიკა ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში | შესაძლებლობები და გამოწვევები; ბავშვებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე პრაქტიკა | ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები; მომხმარებლის დაცვა | ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; კონცენტრაციების კონტროლი თანამედროვე გლობალური დღის წესრიგის კონტექსტში და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია, სახელწოდებით - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა ჯანდაცვის სექტორში“. დისკუსიას მიხეილ სარჯველაძე და ირაკლი ლექვინაძე გაუძღვებიან. პარალელურად, დამსწრე საზოგადოებას წარედგინება სექტორული კვლევის პრეზენტაცია: „ანტიდემპინგური პრაქტიკა საქართველოში: არსებული გამოცდილება და სექტორული მოწყვლადობის შეფასება“.

მსჯელობებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საჯარო უწყებების, აკადემიური წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ჯამში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 350-მდე დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი.

ამასთან, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.ccc.gov.ge. www.gcca.gov.ge

ინფორმაციას GCCA ავრცელებს